მთავარისიახლეებისაზოგადოება„პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა...

„პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“ – რომის პაპის წერილი საქართველოს პატრიარქს

Published on

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს. 

„მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს.

რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა.

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ ასეთივე სულიერი და ძლიერი სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი – კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს.

მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტის“ საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა.

ძვირფასო ძმაო, ჩვენი შეხვედრა და ძმური ამბორი უამრავ ადამიანს შთაგონებით აღავსებდა და დააინტერესებდა იმ სულიერებით, საქართველო რომ ატარებს, იმ ხელოვნებით, კულტურითა და ცივილიზაციით, საქართველომ რომ შექმნა რწმენით აღბეჭდილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რწმენით, მის ხალხში რომ ფესვგადგმულა და, როგორც თავად დავრწმუნდი, უამრავი განსაცდელის დროს ქრისტიანული გმირობით დამოწმებულა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა იქნებოდა, ჩვენს შორის არსებული უშუალო ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით, გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ის ქრისტიანული სიყვარული, უფალში რომ გვაერთიანებს და წარმოგვეჩინა სილამაზე იმ ფასდაუდებელი საუნჯისა, თქვენი ქვეყანა რომ ქმნის, განსაკუთრებით, თქვენი პიროვნების სახით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მსურს კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ გამუდმებით ვილოცებ თქვენთვის, რათა უფალმა, მიუხედავად ასაკობრივი სირთულეებისა, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და აღგავსოთ შინაგანი ძალით, სულიერი ნუგეშითა და სიხარულით. ამ გრძნობებით განმსჭვალული გთხოვთ კვლავაც მიმიჩინოთ ადგილი თქვენს გულში და მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში“, – ნათქვამია წერილში.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...