მთავარისიახლეებისაზოგადოება„პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა...

„პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“ – რომის პაპის წერილი საქართველოს პატრიარქს

Published on

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს. 

„მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს.

რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა.

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ ასეთივე სულიერი და ძლიერი სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი – კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს.

მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტის“ საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა.

ძვირფასო ძმაო, ჩვენი შეხვედრა და ძმური ამბორი უამრავ ადამიანს შთაგონებით აღავსებდა და დააინტერესებდა იმ სულიერებით, საქართველო რომ ატარებს, იმ ხელოვნებით, კულტურითა და ცივილიზაციით, საქართველომ რომ შექმნა რწმენით აღბეჭდილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რწმენით, მის ხალხში რომ ფესვგადგმულა და, როგორც თავად დავრწმუნდი, უამრავი განსაცდელის დროს ქრისტიანული გმირობით დამოწმებულა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა იქნებოდა, ჩვენს შორის არსებული უშუალო ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით, გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ის ქრისტიანული სიყვარული, უფალში რომ გვაერთიანებს და წარმოგვეჩინა სილამაზე იმ ფასდაუდებელი საუნჯისა, თქვენი ქვეყანა რომ ქმნის, განსაკუთრებით, თქვენი პიროვნების სახით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მსურს კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ გამუდმებით ვილოცებ თქვენთვის, რათა უფალმა, მიუხედავად ასაკობრივი სირთულეებისა, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და აღგავსოთ შინაგანი ძალით, სულიერი ნუგეშითა და სიხარულით. ამ გრძნობებით განმსჭვალული გთხოვთ კვლავაც მიმიჩინოთ ადგილი თქვენს გულში და მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში“, – ნათქვამია წერილში.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...