გია ხუხაშვილი: „ ხელისუფლება ფაქტობრივად,ისევ აგრძელებს სათითურებით თამაშს და ამას აკეთებს ბაზრის დონეზე, ეს არ არის პოლიტიკა”

0
465

„ხელისუფლება ისევ აგრძელებს სათითურებით თამაშს და ამას აკეთებს ბაზრის დონეზე, ეს არ არის პოლიტიკა“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა  განუცხადა.

მან შეაფასა „ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე გააჟღერა და რომლის თანახმადაც, მომავალ პარლამენტში პროპორციული მანდატების რაოდენობა 100-მდე გაიზარდოს, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას სულ ახალ და ახალ უცნაურობებს სთავაზობს.

„სამწუხარო ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად გადააგდო ყველა და ყველაფერი, ისევ დასვა ახალი ბუღალტრები და ცდილობს, რომ ფაქტობრივად მიუღწეველი ამოცანა შეასრულოს – თან მოძებნოს საარჩევნო სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმი და თან სახეც შეინარჩუნოს. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება შეასრულებდა თავის სიტყვას, ნაცვლად ამისა, ისინი სულ ახალ და ახალ უცნაურობებს სთავაზობენ საზოგადოებას. კი ბატონო, შეიძლება, ეს იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს, მაგრამ პაკეტში, ნახეთ, ხელისუფლება რას გვთავაზობს, – რომ კონსტიტუციაში ამასთან ერთად შევიდეს ცვლილება, რომ თუ 2020 წლის შემდეგ შეიქმნა რაიმე ტიპის კრიზისი და დადგა რიგგარეშე არჩევნების საჭიროება, ისევ ამ სისტემით ჩატარდეს, ანუ, გააუქმონ უკვე ის, რაც უკვე მიღწეულია და გამაგრებულია კონსტიტუციით. კონსტიტუციაში წერია, რომ 2020 წელს როცა ჩატარდება არჩევნები, იმის შემდეგი იყოს უკვე პროპორციული. ახლა ამბობენ, ეს ჩანაწერი გავაუქმოთ და ვთქვათ, რომ 2024 წლამდე თუ რიგგარეშე არჩევნების საჭიროება შეიქმნა, ჩატარდეს ამ წესით, რომელიც ახლა გვაქვსო“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურ დღის წესრიგში აქვს ერთადერთი საკითხი და ესაა ძალაუფლების შენარჩუნება.

„ფაქტობრივად, ხელისუფლება ისევ აგრძელებს სათითურებით თამაშს და ამას აკეთებს ბაზრის დონეზე, ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის ძალიან პროვინციული, უხეში, ნაჯახით თამაშობენ. რაც მთავარია, ვიღაც მესამე რანგის კლერკი რომ მოიფიქრებს რაღაცას, „ავღანური ვარიანტი“ და კნინობით ფორმაში მოიხსენიეს ის წინადადება, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ამით არიან დაკავებულები. ხელისუფლება ამბობს, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შევინარჩუნოო. ამასთანავე, დასავლეთში ისე არ შეხედეს, გააგზავნეს ბერაია, ბერაიამ აუხსნა, მაგრამ რატომღაც კონგრესმენებს ახლა ჩუგოშვილის შემდეგ ბერაია მაინცდამაინც ეტყობა არ მოეწონათ, რადგან კონტრასტი დაინახეს და მე მგონი, ეს მარტო მათ არ დაინახეს. ისინი ეპოტინებიან ხელისუფლებას, ახდენენ შიშის დემონსტრირებას და ძალიან სახიფათოა, საშიშია ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეს საშიშია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ეს ყველაფერი, ეს დაძაბულობა მერე აისახება მთლიანად სააზოგადოებაზე და ვხედავთ, თუ რა ხდება უკვე საყოფაცხოვრებო თუ სხვა დონეზე“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

წინა სტატიასაქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე მაგრამ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს – აშშ-ს ცნობილი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაახალი წიგნი ხობის მოსახლეობის, ბუნების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური