ბარბალი და ბარბალე – ძველმეგრული მეტამორფოზები

0
1100

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

გეუკუმელუა , 21 დეკემბერი ზამთრის მზებუდობის დღეა ანუ  ,,შვანი”, ჟამი, დროება,  როცა დგება წლის ყველაზე გრძელი ღამე, რასაც სამეგრელოში გეუკუმელუა ანუ უკუმელაშ გერია – ბნელის მრეობა  ჰქვია. გეუკუმელუა არის  ღამის გამარჯვება დღეზე, მზის ნათელზე., მაშ  რატომ ზეიმობენ გრძელ ღამეს მთელი მსოფლიოს ხალხები, რომელნიც ყველა დროში და სივრცეში ესწრაფვოდნენ  მზეს, სიცოცხლის დედას, ნათელ დღეს? 

საქმე ისაა, რომ გეუკუმელუა არის ზღვარი, რომლის იქით სიბნელეს აღარა აქვს ზრდის  პერსპექტივა, ამ დღის შემდეგ მზე ტოვებს ყველაზე დაბალ წერტილს ცის კამარაზე და ახალი ძალით იწყებს აღმასვლას და მისი შუქი და სითბო თანდათან იწყებს შეღწევას სამყაროსა და ადამიანის სულში.  მთავრდება ძველი და იწყება ახალი, კრიზისი თანდათან იწყებს განმუხტვას და ყოველივე გეთანაფასკენ – ბნელზე სინათლის გამარჯვებისკენ მიდის ნელი, მაგრამ მზარდი ნაბიჯებით.

მერე რა,   რომ მზებუდობა ზამთრის პირველი დღეა, რომ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია, რომ გზა გეთანაფასკენ ჯერ კიდევ რთულია და თოვლზე, ქარბუქსა და მატახერა (ჭახჭახა, ძვალთამკვნეტ) ყინვებზე გადის –  აღორძინება იმედითა და რწმენით იწყება და, თუმცა ზამთარი ჯერ ისევ წინ არის, გეუკუმელუა ღამის გარდასვლის შემდეგ ამოდის მზე, ახალშობილი მზე, რომელიც ცხოვრების ახალ ციკლს იწყებს, ანუ იწყება მზეგრძელობა, დღის მატება. მზის აღმასვლის, სიცოცხლის განახლების იმედი აცოცხლებდა ჩვენს ჯვეშიშ-ჯვეშებს – შორეულ წინაპრებს.  თვინიერ ამ იმედისა,  ყველაზე მშიერ და ცივ თვეებში –   იანვრიდან აპრილამდე, ადამიანი ვერ გაუძლებდა თოვლითა და დამზრალი ბალახით დაფარული მინდვრების, გაძარცული ტყეებისა და რუხი, ჩამოზიდული  ცის ცქერას, რომელიც შეიცავდა შესაძლო შიმშილით მოგვრილ ძრწოლასა და შიშს. სხვათა შორის, ამ შიშით არის განპირობებული ჯოგის გამოხშირვა, საკლავ–ხორაგის სიმრავლე –  ზამთრის დასაწყისში პირუტყვის გამოკვება და გამოზამთრება არ იყო მარტივი საქმე. გარკვეულწილად ამ შიშის ანარეკლი გვაქვს და ამ შიშის დაძლევაზეა მიმართული ზამთრის მზებუდობისა და მის ირგვლივ დამწკრივებული სადღესასწაულო რიტუალებსა და   მისტერიებში, რომელნიც მზებუდობის დეკადაში იმართება ოდითგანვე, იქნება ეს თავად გეუკუმელუა ღამის მრეობა, მზებუდობის აღნიშვნა, ბარბარობის – ბარბალობის დღესასწაული თუ შობა–ახალი წელიწადი, მარადიული წრებრუნვის – ქიაჩის, ბორჯღალოს სიმბოლიკა, დომინრებს. 

დღეს ბუნიობის რიტუალებიდან ყველაზე პოპულარულია ბარბალობა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ქრისტიანული და წარმართული რწმენა– წარმოდგენების თავსებად და არათავსებად ნიშნებს, როგორც ეს გვაქვს ბევრი სხვა საეკლესიო და წარმართული დღესასწაულების – დღახუების, დღარ ხვამების, დღა ბედინერების შემთხვევაში დაწყებული თანაფა – აღდგომიდან…

ბარბალობაში შერწყმულია წმინდა ბარბარეს ხატება და უძველესი სალოცავის მზეღვთაების და და მისი მშობელი დედის აის–ბარბალეს ხატება. ორივე აღორძინებასთან, სნეულთა კურნებასთან, ქალურ საწყისთან არის დაკავშირებული და უმტკივნეულოდ გაერთიანდა პირველ ქრისტიანთა, ახალგაქრისტიანებულ ხალხთა წინარე რწმენებთან და დღემდე უკრიტიკოდ, ახლოით განჩხრეკის გარეშე აღიქმება ჩვენშიც და სხვაგანაც. თუმცა მნიშნელოვანია, რომ ძველი მეგრელები ბარბალს მამრობითი სქესთან აკავშირებდნენ, ბარბალი მამრი იყო, ეს იყო დროება, როცა მზეს არა დედად, არამედ მამად მივიჩნევდით, სანამ ჩვენს მსოფლმხედველობასა და ასტრონომიულ წარმოდგენებში დიდი გარდატეხა მოხდებოდა და მზეში დედას, ხოლო მთვარეში მამას არ დავინახავდით

მლოცველები თავდაპირველად მზის საკულტო ცენტრებში, ბარბალის სალოცავების ირგვლივ დანთებულ ცეცხლთან უთევდნენ ღამეს მზის ღვთაებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბარბალი შეერწყა წმინდა ბარბალეს ხატებას, მზის საკულტო ცენტრები თანდათან ჩაანაცვლა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრებმა, თუმცა, თუ ობარბალე საწირს დავუკვირდებით, მზე არც ძველი ცნობიერებიდან წაშლილაუკვალოდ, და არც ბარბოლი ჩაკარგულა ბარბალეს სახეში ჩაკარგულა და მზე მკურნალი სნეულთა მკურნალი წმინდანის სახეში მოდიფიცირდა.

მზის ბორბალზე, მზის წრებრუნვაზე მლოცველი მეგრელები ახლა უკვე ბარბალეს შესთხოვდნენ, მაგალითად, სნეული გოგონების, განსაკუთრებით, სულიერად დაავადებული თუ დეპრესიული, სევდიანი გოგონებს მფარველობას …ყოველ ბარბარობას თეთრად შემოსილი მეგრელი დედები მიემართებოდნენ ბარბალეს სალოცავებში ფერადი ლენტებითა და ყვავილებით მორთული უღლებით – ობარბალე ბეჭილიებით, ობარბალე ბორზალებით, საფორებით, ჩითებით შინ დარჩენილთა ხელით კი იკვლებოდა ობარბალე ღეჯი ან ჩხოუ – ბარბალეზე შესახელებული კერატი ან ძროხა, ე.წ. ობარბალე პატონია – ბარბალეს ბატონა…სალოცავებში მიჰყავდათ თავად სნეული, მელანქოლიური გოგონაც და ბარბოლ-ბარბალეს ძალა იქვე ხდებოდა სახილველი – გოგონას შავნაღვლიანობას უქარვებდა ფერადი ლენტებიით, ზამთრის ყვავილებით მორთული საწირების ფერადოვნება, კოცონის ირგვლივ ჩამომდგარი სითბო … შინ დარჩენილებს კი ბარბალ-ბარბარეზე სალოცავად წასული დედების მოლოდინი და იმედი ათბობდა და ისიც სწყალობდა მათ… ეხმარებოდა სნეულს ზამთრის მელანქოლიის დაძლევაში, სიცოცხლის ძალასა და  ენერგიას მატებდა სნეულებასთან ბრძოლაში… 

მაგრამ დავუბრუნდეთ ზამთრის ბუნიობის ცენტრალურ მოვლენას – მზებუდობის ღამეს – გეუკუმელუას.გეუკუმელუა ღამეს ხდებოდა საწნახლიდან დამწდარი – ,,დაგუნდებული”, ,,გუნაფილი”, ,, წკონდელი” ღვინის გამოღება და გადასხმა სხვა ჭურჭელში, იქნებოდა ეს ქვევრი, თუ კასრი. ამ ღამეს დიასახლისები აუცილებლად ამზადებდნენ თხლეს შეჭამანდს – თხოლოზადილს, რომელსაც ნიგვზით კმაზავდნენ, ამავე დროს მოამზადებდნენ თხლეს ლეჭკერეს – ნიგოზში არეულ და ღვინომოსხურებულ წვრილად დაჭრილი კეჟერა ფხლის წნილს. გაშლიდნენ ტაბლას, ოხვამერს, რომელსაც ჯვეშ დო ახალიშ გეწირუა – ძველისა და ახლის შეწირვა ერქვა. ეს პირველ რიგში გულისხმობდა წინა წელს დაწურული დაძველებული ღვინისა და გეუკუმელუა ღამეს გამოღებული ახალი ღვინის ჩამოდგმას ტაბლაზე. დააცხობდნენ პატარა, ყველიან და კვერცხიან მზის ფორმის კვერებს, შეწვავდნენ თევზს, მოხარშავდნენ ძველ და ახალ ლობიოს (საქართველოში ლობიოს შემოსვლამდე – ოსპს) და თხოლო ზადილთან და ლეჭკერესთან ერთად მიიტანდნენ ტაბლაზე. ამ ტაბლაზე უცილობლად გადააგორებდნენ მაგრად მოხარშულ კვერცხებს – მზის სიმბოლოს და ჩადგამდნენ ბარბარობისთვის დაკლული ღორის თავ–ფეხს, რომელსაც მზებუდობის ღამისთვის ინახავდნენ.

ვისაც სახლში დათვის ტყავი ჰქონდა, ტაბლის ქვეშ დადებდა, რაც ასევე მზებუდობას უკავშირდებოდა, რადგან თვლიდნენ, რომ მზებუდობის გრძელი ღამის შემდეგ ,,ბურდღინა” – ასე იხსენიებდნენ დათვს, რომლის სახელსაც ტაბუ ედო – იგივე ,,ძვარა თუნთი” ახალშობილი მზის შიშით ბუნაგში მიძვრებოდა დასაძინებლად ანუ უწმინდური შორდებოდა ნახირსა და ადამიანს 

მზებუდობის ღამეს მთელი სოფელი ზეიმობდა, თუმცა კი ერთმანეთთან გადასვლას ერიდებოდა, რადგან მზებუდობაც და ბარბარობაც, გარკვეული თვალსაზრისით, ფერხობას უკავშირდებოდა. და რაკი ფერხობას უკავშირდებოდა, მაგრამ სადღესასწაულო განწყობა ადამიანებს ერთად ყოფნისკენ უხმობდა, არჩევდნენ ჯარალუას, შაყარუას (თავშეყრის) მოწყობას გარეთ, მინდორი იქნებოდა ეს თუ სოფლის შუაგული.რადგანაც გრძელი ღამე, გეუკუმელუა ამავე დროს ცივი და სუსხიანიც იყო, შეკრებილი ხალხი აჩაღებდა კოცონებს, ცეკვავდა, მღეროდა მის გარშემო, ცეცხლს უკიდებდა  ორდოხუ-ემს  (მრგვალ სალტეებს) ან ბეჭილიებს (წნულ რგოლებს) და ამ ცეცხლით ეხმარებოდა მზის დედას მშობიარობაში, აძლევდა ნიშანს, რომ ელოდა და ლოცულობდა ჩვილი მზისთვის, რომელიც გამთენიას უნდა დაბადებულიყო. ეს ამავე დროს იყო ნიშანი სიბნელისთვის, ღამისთვის თუ როგორ ზეიმობდა ხალხი მის ბოლო დღეს, რათა   უკუმელას ( ბნელს)  ჩამწარებოდა თავისი მრეობა და ზეიმი, არ გათამამებულიყო თავისი დროებითი გამარჯვებით მზეზე.

წინა სტატია“საქმეს რომ გავაკეთებ, ამაზე ვაჟამ იზრუნოს”, – აცხადებს თამილა ლაფანაშვილი კუხიანიძის უშვერ გინებაზე
შემდეგი სტატიაეს არის მითითება და გაფრთხილება, მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან- პოლიტიკოსები კონგრსემენთა წერილის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური