ტერენტი გრანელი: ვდგავარ საოცრების კართან

0
822

,,ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსადმსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.” – ასეთი იყო და არის ა ტერენტი გრანელი მხედველთა თვალში.

“საოცრად კითხულობდა ლექსებს, დახვეწილი ინტონაციებით. მას ჰქონდა რაღაც მაგიური უნარი წამსვე დაემყარებინა კავშირი მსმენელთან. ეს არ იყო ის უნარი, რასაც მჭერმეტყველებასა და არტისტულობას უწოდებენ; არა ეს სრულიად სხვა იყო, მხოლოდ მისეული. გამოარჩევდით ჩაცმულობითაც, სიარულისა და დგომის მანერითაც კი. მაშინვე იტყოდით, პოეტიაო. უნდა ვთქვა, რომ მისი ცხოვრების ბედი საოცრად ჰგავს ფიროსმანის ცხოვრების ბედს. თითქოს ორივეს ცხოვრებას ერთი ბედისწერა წარმართავდა. ბუნებითაც ჰგავდნენ ერთმანეთს; ორივეს უყვარდა სასაფლაო, ეკლესია და სამრეკლოებზე ღამის თევა” – ეს ყველაფერი ლადო გუდიაშვილმა 1967 წელს უამბო ლერი ალიმონაკს

ასეთია იგი თავის ჩანაწერებში :

 „კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ. ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: “ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს“. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი“.

ვზივარ ოთახში და ვფიქრობ, სამშაბათს მოვიკლა თავი, გადავვარდე ვერის ხიდიდან. …დილის ცხრა საათია, მივდივარ ვერის პარკში, გავიარე ახალი ხიდი; ახლა ვზივარ პატარა კუნძულზე და ვფიქრობ თვითმკვლელობაზე. აქეთ-იქით მიდის მტკვარი. არ ვიცი, საიდან მომესმა არღნის ხმა, ვტოვებ კუნძულს. შევდივარ ჩემი მეგობრის ინასარის ბინაში. ვსაუბრობ. დღეს ღრუბლიანი დღეა. ხვალ ვაპირებ თავის მოკვლას“.

  „დილით ვიყავი ბევრჯერ დაწერილ და ბევრჯერ ნახულ ადგილებში. საღამოს შემხვდა ჩემი მარადიული მეგობარი და ძვირფასი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ექვსი თვეა არ მენახა. შემხვდა დღეს, უცებ ვიგრძენით ერთმანეთი. ბევრი ვისაუბრეთ ალექსანდროვის ბაღში. ბაღში ჩვენს გარდა სხვებიც იყვნენ. უცებ გავჩუმდით. მივდივართ და ქვეყანას იპყრობს საღამოს ცისფერი ბინდი“.

 „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ლექსები კი მიგვიძღვის საოცრების კართან. დღეს ტერენტი გრანელის დაბადების დღეა.

წინა სტატიაქართული ოცნება პარლამენტის თავმჯდომარეს ახალ მოადგილეებს და კომიტეტების ხელმძღვანელებს უნიშნავს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ გაიტაცა “ევროპული საქართველოს” მანქანა, სადაც დღევანდელი აქციისთვის საჭირო ინვენტარი იდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური