დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე 3 პოლიციელი დაიკითხა

0
491

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა სასამართლოს შესავალი სიტყვები წარუდგინეს სხდომა 11:00 საათზე დაიწყო.

მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 ივლისს დააკავეს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაშია. პროკურატურა მას 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მორის მაჩლიკაშვილის ბრალეულობას.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც არ შეიცავენ მითითებას მაჩალიკაშვილის მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, ხოლო ვიდეომასალა არ უთითებს მორის მაჩალიკაშვილის განზრახვაზე, ყოფილიყო ჯგუფური ძალადობის მონაწილე. ჩვენს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიზანს, ბიძამისის, მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა და მას რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონია. გამოვიკვლევთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობის გაბათილებას შევეცდებით “, – აცხადებს EMC.

დღეს არც ერთ პოლიციელს არ უხსენებია მაჩალიკაშვილი, არც ერთს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით რომელიმე სამართალდამცავზე ძალადობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც გელხაურმა აღნიშნა, მოწმე არ არსებობს, ვინც იტყვის, რომ მათ სამართალდამცავებზე იძალადეს.

„არც ერთი მოწმე და არც ერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ რაიმე სახის დაზიანება მიაყენა, ან ვინმეზე ძალადობდა. დღევანდელ პროცესზე დაკითხულ მოწმეების ჩვენებებს შორის აცდენა იყო. თუმცა, არც ერთს არ უხსენებია მაჩალიკაშვილი, არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე რაიმე ფორმით პარლამენტის წინ კანონს არღვევდა, ან რაიმე ფორმით ძალადობდა რომელიმე სამართალდამცავზე.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განმარტებით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ მიმდინარეობდა 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე აქცია.

„სამართალდამცავებმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს უშუალოდ ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, ასევე პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ. მოწმეებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი გაფრთხილებები სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან იყო, თუმცა, კონკრეტულად ვინ აკეთებდა ამ გაფრთხილებას, მათ ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ”, – განაცხადა მუკბანიანმა.

20 ივნისის აქციის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე 3 პოლიციელი დაიკითხა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

წინა სტატიაშეეხება თუ არა რუს ოლიგარქ ივანიშვილს პუტინის რუსეთის საერთაშორისო “ბდღვნა და შიმშილი”
შემდეგი სტატიაNDI ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას აწყობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური