,,კუსაჩკით” შეიარაღებულ თალაკვაძეს, რომელიც დარუბანდის კარების შემხსნელივით იწონებს თავს, გიორგი ვაშაძე ურჩევს ეძებოს გასაღები, რომელიც ხალხის ხელშია

0
428

მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, არამედ გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გუშინდელი აქციის ყველა მონაწილეს. ის, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდა, აქცია არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის დამსახურება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია მოქმედებაშია და ვაგრძელებთ მოქმედებას. მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუთხრა, რომ ჩვენი ერთიანობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. აქვე მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, არამედ გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან ითხოვს იმას, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში. დღეს გვექნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეკრება, სადაც გვექნება სამოქმედო გეგმა, ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით – ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისათვის და აუცილებლად ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროტესტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ამ პროტესტს აქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები, მაგრამ ჩვენ მივდივართ მშვიდობიანი გზით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი IRI-ის კვლევებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პროპორციული არჩევნების ჩატარების მომხრე მოსახლეობის 78% -ია და ხელისუფლებას სწორედ ამის ეშინია.

„მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს – ეს არ გაჩერდება, ეს პროცესი არის შეუქცევადი და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იმართებოდეს ავტორიტარების მიერ, არ გვინდა, რომ საქართველო იყოს არადემოკრატიული ქვეყანა. კვლევებმაც აჩვენა, მოსახლეობის 78% მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. სწორედ ამის გეშინიათ თქვენ, თქვენ არ გინდათ პროპორციული არჩევნები, რადგან ებღაუჭებით ხელისუფლებას. თქვენ არ გსურთ ხალხის აზრი იყოს გამოხატული. ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოგივათ და მოგიწევთ აუცილებლად უპასუხოთ ხალხს, პასუხი გასცეთ თითოეულ ადამიანს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიავაჟა გაფრინდაშვილის მოთხოვნით ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო- ,,მაჟორიტარი ცხვრები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური