ზუგდიდში ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი გაიხსნა [Video]

0
735

ასოციაცია „მერკურის“ ინიციატივით ზუგდიდში ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში, სადაც მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე მუშაობენ, პარალელურად პირველად მოძალადეების რეაბილიტაციაზეც იზრუნებენ, რაც ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, საქართველოში პირველად ხორციელდება. ცენტრის პრეზენტაცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოეწყო, რომელსაც საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მასკიევიჩი დაესწრო. მისი თქმით, როცა ვსაუბრობთ, ქვეყნის განვითარებაზე, ამ დროს მნიშვნელოვანია არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივ დონეზეც განვითარება. როგორც მან აღნიშნა, საზოგადეობრივი განვითარება პირველ რიგში ოჯახზე დგას და ამიტომაც ცდილობენ ისინი დაეხმარონ სხვადასხვა ორგანიზაციებს ამ პრობლემური საკითხების მოგვარებაში. ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელის ნანა თოდუას განმარტებით, აღნიშნული პროექტი სამეგრელოსა და აფხაზეთში მცხოვრებ პირებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია მეორე წელია ძალადობის მსხვერპლ ქალების რეაბილიტაციაზე მუშაობს და მათ სპეციალური თავშესაფარი გააჩნიათ. ნანა თოდუას თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება სჭირდებათ, მათ ცენტრში უფასო კონსულტაციებსა და სხვა სახის დახმარებებს აღმოუჩენენ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი კი პოლონური ორგანიზაცია “ჰუმან დოკ ფოუნდეიშენ”.

წინა სტატიამარტვილის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ძაღლები ხობსა და ფოთში გააჩუქეს [Video]
შემდეგი სტატიაკონფლიქტის პირა ქალაქებში, გორის შემდეგ უკვე ზუგდიდში სამეწარმეო სკოლა გაიხსნა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური