რატომ არ აძლევს ბინებს დევნილთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს და საზოგადოდ დევნილთა დიდ ნაწილს

0
66

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

„აქციის 30-მდე მონაწილედან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება 2-მა პირმა შეძლო, რომელთაც 3 ოთახიანი ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების რაოდენობისა და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთოთახიანი ბინები გადაეცათ 6 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს, ოროთახიანი ბინები – 9 ან მეტი, სამოთახიანი – 3 ან მეტი, ოთხოთახიანი ბინები კი – 7,5 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს.

ამ ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,-ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება.

შეგახსენებთ, რომ დევნილები უკვე 25 დღის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ და საცხოვრებლებით დაკმაყოფლებას ითხოვენ.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here