“სოფლის რწმუნებულები“ საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან

0
1342

საქართველოს პარლამენტი განიხილავს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ე.წ. სოფლის
რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმებას და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანას, რაც მათი სრულად პოლიტიზების და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

კანონპროექტით შემოთავაზებულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება,
რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლისთვის (სოფლის რწმუნებული) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების
ვალდებულების და პროფესიული საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ახალი პროცედურის – შიდა კონკურსის შემოღება.

შიდა კონკურსი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ახალი კანონპროექტით შიდა კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისთვის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი)საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა და მათი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა.

მერის წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში, სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, ამ ცვლილებით, კი იქმნება საფრთხე, რომ მოხდეს მათი სრულად პოლიტიზება და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მერის წარმომადგენლებისთვის სტატუსის შეცვლის მცდელობას 2017 წელსაც ქონდა ადგილი,
ამ პროცესს მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოეხმაურა და გარდა
პროცესის უკანონობასა, ასევე ამ თანამდებობის პოლიტიზირების გაზრდილ რისკებს გაუსვა ხაზი.ორი წლის წინ ეს პროცესი შეჩერდა და მერის/გამგებლის წარმომადგენლებს ისევ დაუბრუნდათ საჯარო მოხელის სტატუსი.

ამჯერად ცვლილება პირდაპირ კანონში იგეგმება და მისი მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს სხვა არჩევანი არ ექნებათ გარდა იმისა, რომ მერის წარმომადგენლებს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი შეუცვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულით, რაც ნიშნავს:

დანიშვნის პროცედურებიდან ცხადია, რომ ეს თანამდებობა მთლიანად დამოკიდებული ხდება მერზე,რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირია. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომელთა აუცილებლობაც სოფელში მუდმივად დგას და არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაზე.შესაბამისად, გაუგებარია, მუდმივი და დამოუკიდებელი ფუნქციების მქონე პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის მერის ერთგვარ ასისტენტად გადაქცევა, რაც განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება გახდეს, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ამ თანამდებობის პირების რაოდენობასა (მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 53 ასეთი თანამდებობის პირია, რასაც ემატება მათი 35 ასისტენტი) და წინასაარჩევნო აგიტაციაში მათი ჩართვის არსებულ მანკიერ პრაქტიკას.

აღსანიშნავია, რომ მერის წარმომადგენლებს, თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე,
ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ სოფლის მოსახლეობაში არსებული სოციალური მდგომარეობის
და პოლიტიკური განწყობების შესახებ, ხოლო სოფლის მოსახლეობისთვის ხშირად სახელმწიფოს
ერთადერთი წარმომადგენელები არიან, რომელთანაც ადგილობრივი პრობლემების შესახებ
კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს. ამ გარემოებების ფონზე თანამდებობის მზარდი პოლიტიზაცია ქმნის მაღალ ალბათობას, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებისთვის კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული და საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად დააზიანებს. გარდა ამისა ცვლილება არ შეესაბამება დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალიტეტებში პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პოლიტიკას.

თუ აქამდე მოხელის დაწინაურება მხოლოდ დახურული კონკურსით ხდებოდა,
კანონის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება მეორე გზაც, რაც გულისხმობს მხოლოდ დაწესებულების
შიგნით კონკურსის ჩატარებას.ახალი რეგულაციის მთავარი პრობლემა არის ის დათქმა, რომ შიდა კონკურსის წესი კანონით არ განისაზღვრება და იგი კანონქვემდებარე აქტში – მთავრობის დადგენილებაში გაიწერება. კანონში შიდა კონკურსის ჩატარების ზოგადი პრინციპებიც არ არის განსაზღვრული, რაც მთავრობას სრულ თავისუფლებას აძლევს განსაზღვროს მისი შინაარსი და არსებითი ხასიათის ცვლილებები შეიტანოს მასში ნებისმიერ დროს პარლამენტისგან დამოუკიდებლად. გარდა ამისა შიდა კონკურსის ძირითადი რეგულაციების კანონპროექტში არ არსებობა ამ ეტაპისთვის ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს,მაგალითად: რა კრიტერიუმებით უნდა გააკეთოს არჩევანი დაწესებულებამ შიდა და დახურულ კონკურსს შორის? შიდა კონკურსის უშედეგოდ ჩატარების შემთხვევაში შემდეგი ეტაპი დახურული კონკურსის ჩატარებაა თუ მაშინვე უნდა გაიხსნას კონკურსი? და ა.- წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის დოკუმენტში. ორგანიზაცია ამასთანავე გასცემს რეკომენდაციებს: მერის წარმომადგენლების პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად შეუნარჩუნდეს მათ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების და სახელმწიფო სერვისების პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში მიწოდების უზრუნველსაყოფად. პროცესის გამჭვირვალობისთვის და საჯარო სამსახურის სისტემის სტაბილურობისთვის,
აუცილებლად მიგვაჩნია შიდა კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები განისაზღვროს
კანონით და მხოლოდ პროცედურის დეტალები დაკონკრეტდეს მთავრობის დადგენილებით.

წინა სტატიაუკრაინის გენპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებასა და უკრაინიდან დეპორტაციაზე საქმე აღძრა
შემდეგი სტატიააბაშაში სიმინდის კარგი მოსავალი მოვიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური