ვინ უნდა აცხოს ხაჭაპური და ვინ -პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა. რატომ ვერ ეღირსება მამუკა ხაზარაძე წულუკიანის ჭვიშტარს და, შესაძლოა, ბესელიას მეგრულ ხაჭაპურსაც

0
705

“მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით.

,, შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ივანიშვილს ჰგონია, ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რა სახის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში. ტენდერები არ ტარდება გამჭირვალედ“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებამ გააღიზიანა ქალი პოლიტიკოსები, რომელთაც მაია ცქიტიშვილის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთნაირად აუმხედრდნენ ,,ამბიციურ მამრს”.

,,ხაჭაპურს მამაკაცებიც კარგად აცხობენ, – ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის განცხადებას  

როგორც  ეკა ბესელია ამბობს, მაია ცქიტიშვილზე  დიდი წარმოდგენის არც თავად არის, თუმცა საჯარო სივრცეში მყოფი ქალების მიმართ ასეთ გამონათქვამებს ვერ მიესალმება და არ მოსწონს.

„არც ის ვიცი, როგორ აცხობს ხაჭაპურს და არც იმ აზრის ვარ, რომ მხოლოდ ქალებთან მიმართებით შეიძლება გამოიყენო ასეთი ფორმულირება, რომელიც კულინარიას და სამზარეულოს უკავშირდება“ – განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძეს მწვავე კრიტიკით მიმართავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც: ,,თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი.

რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“ სავარუდოდ არ გამოეხმაურებიან ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“.

ჰოდა, მე გამოვეხმაურები.

ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში „მოსვლა“ რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ „მოსვლას“?

თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც.

ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც არ იკადრებს არც ერთი ქალი, რომ იმ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (ა-ზე რომ იწყება და ია-ზე რომ მთავრდება!), რომლის კეთების თავიც არ აქვს და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, მერე არ დაიწყებს პარტიის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაიძვრინოს! ამ თემაზე მე, ქალს, ბევრი რამე შემიძლია მოგახსენოთ, როცა მექნება ამის შესაძლებლობა! რადგან ის დროც მახსოვს, როცა „შეგარჩიეს“ და მას მერე რაც იყო, ისიც კარგად მახსოვს!

ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცები.

ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს.”

წინა სტატიათურქეთში ხუთბალიანი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაპალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური