სიკვდილი საქართველოს სადარაჯოზე – გიორგი დეკანოსიძემ უსიტყვოდ გვითხრა, რას უძლებს თუ ვერ უძლებს ატოცში მდგარი ბიჭების გული

0
660

44 წლის გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცში 29 სექტემბერს დილით, გულის შეტევით გარდაიცვალა, ხუთშაბათს, ვაშლიჯვარში დაკრძალავენ.
ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქტიური წევრის ცხედარს ექსპერტიზა გორში ჩაუტარდა. გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი გახდა. გიორგი დეკანოსიძე ატოცში, პატრულირების ჯგუფის დანარჩენ სამ წევრთან ერთად იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც “ძალა ერთობაშია” არის ბაზირებული. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ენაცვლებიან და დღისით პატრულირებენ, ღამეს კი სახლში ათევენ.

“თამამად ვიტყვი, რომ არამარტო ჩვენ, არამედ ქვეყანამ დაკარგა გიორგი: ასეთი კეთილი, სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული, სწორად მოაზროვნე ადამიანი სწორედ ქვეყანას დააკლდება და არამარტო ოჯახს და ჩვენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა”, – ამბობს “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა “ნიუპოსტთან”.


როგორც ატოცთან საქართველოს კიდევ ერთი მცველი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, ,,გიორგი შშმ პირი იყო (შევარდნაძის ეპოქაში, სოსო ალავიძის ზეობის დროს, დიღომში, სამმართველოში ისე სასტიკად სცემეს, რომ ხერხემალი დაუზიანდა, ფეხები წაერთვა და მეტყველება მოეშალა. მერე საფრანგეთში იმკურნალა და ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა – ეტლით აღარ გადაადგილდებოდა), მაგრამ არაფერს აკლდებოდა, ყველგან ყოფნა უნდოდა, ბრაზდებოდა, როცა მორიდებით ვეუბნებოდით, რომ ჩორჩანის ტყეში სიარულის ნაცვლად, აჯობებდა სახლიდან, საინფორმაციო ველზე დაგვხმარებოდა…

ექიმებმა გვითხრეს, რომ სავარაუდოდ, გული მანამდეც აწუხებდა და მალავდა – შინაც და ჩვენთანაც. მიზეზი გასაგებია: ეშინოდა, პატრულირებაზე უარს მეტყვიან და ატოცში არ წამიყვანენო.

იმის მიუხედავად, რომ გადაადგილება უჭირდა, 20 ივნისს მთელი დღე და მერეც, “გავრილოვის ღამეს”, რუსთაველიდან ფეხი არ მოუცვლია.
ტყვიაც მოხვდა მკლავში. როცა სასწრაფოს მანქანასთან მივიყვანე და შეხვევა დაუპირეს, არაფრით არ დაგვანება – “ამაზე ბინტს როგორ ხარჯავთ, ბავშვებს თვალები დათხარეს, თვალები, თვალები!” – როცა ნერვიულობდა, სიტყვებს იმეორებდა ხოლმე და თვალები უფართოვდებოდა, ცდილობდა, დაერწმუნებინე მის სიმართლეში…

სწორედ ამ დროშას გავატანთ თან, იმ გულზე გადავაფენთ… მისი, ჩვენი ატოციდან წამოღებულს” წერს ლაშა ბერულავა

ატოცში, სახლში, სადაც გიორგი გარდაიცვალა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისი ხსოვნის კუთხე მოაწყვეს. ატოცის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის კურთხევით, საწოლთან, სადაც გიორგი გარდაიცვალა, 45 სანთელი, ნაკურთხი წყალი და ხატები განათავსეს.

წინა სტატიავლადიმირ პუტინი: ,,რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“
შემდეგი სტატიაოქტომბერი მზიანი დღეებით შემოდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური