ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა [Video]

0
470

ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და საზოგადოება ეკონომიკას ნეგატიურად აფასებს. მონაცემები აშშ-ის „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნდა. კვლევის მთავარი აქცენტები ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, სიღარიბესა და ფასების ზრდაზე გაკეთდა. აღნიშნული მიმართულებები საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხული მოსახლეობის 21 % ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, 43 % კი მიიჩნევს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში, პირველ სამ პოზიციას უმუშევრობა, მაღალი ფასები და სიღარიბე იკავებს. ტერიტორიული მთლიანობა გამოკითხულთა 29 % არის მთავარი გამოწვევა. კვლევაში მაღალი შეფასება მოყვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუმცა მთავარ გამოწვევად საზოგადოების მხრიდან რჩება წამლების მაღალი ფასი და ექიმთა პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54 %) და წამლის ყიდვის გადადება (50 %) მოუწია. კვლევის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა კვლავ სტაბილურია. მოსახლეობის 78 % ევროკავშირში, ხოლო 71 % ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს.


კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

წინა სტატიაჩემი პირველი მასწავლებელი (ზვიად კვარაცხელიას ბლოგი)
შემდეგი სტატიარუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა – გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური