სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067.
წელს ,,მილენიუმის” პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ საჯარო სკოლას (ქალაქის მე-4, მე-8, მე-10, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები).
პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლებში განახლდა სასკოლო ინვენტარი.
საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული ”ბუქები”, ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის
განახლებული „დედა ენა“.