ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. , – ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში,თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას წერს.და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს: მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი
„2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი – ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.
ამასთან, ბახტაძე წარმატებებს უსურვებს მომავალ პრემიერ-მინისტრს.
მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს.
ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა.
მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში. .
მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.
მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.
მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.
2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.
დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!“, – წერს ბახტაძე.