.
23 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.
1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
მას შემდეგ კონსტიტუციაში მრავალი ცვლილება შევიდა. მათგან არსებითი 2010 წლის ცვლილებები იყო, როდესაც შეიცვალა მმართველობის ფორმა და საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფო გახდა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას.
გაიზარდა პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები. იგი გახდა მთავრობის მეთაური.
შემოვიდა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი – პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები.
სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი – მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, ხოლო მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერმინისტრს. თუ ორი დღის ვადაში იგი არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერმინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერმინისტრიმაინც დანიშნულად ითვლება.
ბოლო ცვლილებები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში 2017 წელს შევიდა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო შეიზღუდა, ამასთან, 2023 წლიდან მას არა ხალხი პირდაპირი წესით, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.
ცვლილებები შეეხო საარჩევნო ბარიერს. შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა
დღეს , კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ -მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა.