ბიძინა ივანიშვილს ვპირდები, მას ელის განადგურება, მის კაპიტულაციას ჩავიბარებ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობასთან განაცხადა. ის საგამოძიებო უწყებასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი მისთვის წარდგენილ ბრალს თეთრი ძაფით ნაკერს უწოდებს. ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმაურება.
„ვინც მიჩივის, იმის ქმარი, დებდა სწორედ ისეთ კონტრაქტებს, როგორიც დავდეთ ჩვენ 2015 წელს. სხვაგვარი კონტრაქტების დადება დაიწყო მხოლოდ ჩემ მიერ და ეს იყო ჩემი „ნოუ ჰაუ“, ამას ვამბობ ხაზგასმით…
„კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ასეთი კონტრაქტი, იმიტომ, რომ ფინანსურმა სამსახურებმა, ფინანსურმა დირექტორმა გადაწყვეტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი. მოკლედ ავხსნი – ორი ვარიანტია, ერთია, როდესაც ჩემ მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებ, რომელიც მიყვება მოგებას, მაგრამ იქ რისკავ ან ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ ერთ წელში, ან ბიუჯეტში მეტს, მერე ვარიანტია, როცა მოჭრილ თანხაზე დებ, მაგრამ შეიძლება უბრალოდ იმ ფირმას, უბრალოდ მეტი შემოსავალი ჰქონდეს და დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული, იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ.
„2015 წელი, როგორც მე გითხარით, ფინანსური სამსახურების და ფინანსური დირექტორის მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით, საჭიროება დადგა ასეთი კონტრაქტის გაფორმების.
„ჩემს პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მე საერთოდ არ მესმის, ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის, როგორ ვერ იგებს გინდა პროკურატურა, გინდა “რუსთავი 2-ის” ახალი სამარცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს პასუხისმგებლობას,“ – ამბობს გვარამია.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან “ინტერმედიასთან” მკაცრი მოლაპარაკების შემდეგ 7 მილიონის ნაცვლად 9 მილიონი დააბრუნებინა.
„ინტერმედიასთან” მქონდა ძალიან მკაცრი მოლაპარაკება, შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენე მათზე საბაზრო უპირატესობა და დავაბრუნებინე არა 7 მილიონი, არამედ 9, შემდეგ წელს უკვე, ეს თანხა კი არ დაკარგულა, ჩვენ ეს თანხა დავაბრუნებინეთ,” – ამბობს გვარამია.
ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებაში ბინების საკითხის გამოტანას ეხმაურება. პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბერში, „ინტერმედია პლიუსმა“, რომელსაც ამ დროს დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო თბილისში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას, რომელმაც ორივე ბინა გაყიდა.
„მეორე საკითხი, ბინების, ეს საკითხი არის ინდიკატორი იმისი, რა ხდება საერთოდ დღეს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩემი საჯარო მკვლელობა მოაწყოს და თქვას, რომ გვარამია იპარავს და დალექოს ეს მესიჯი. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი და არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის, ნიკა გვარამია არ არის.
„მე ბიძინა ივანიშვილს ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე. პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე და ვიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე, ვიდრე მას წარმოუდგენია,“ – ამბობს გვარამია.