ბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილი შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს პასუხს რეპრესიული ზაფხულის გამო და მიიღებს პასუხს სწორედ რუსთაველზე, იქ, სადაც სისხლი დაღვარა

0
797

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ბიძინა ივანიშვილს ჰპირდება, რომ “რეპრესიების ზაფხულისთვის” ის შემოდგომაზე პასუხს აუცილებლად აგებს. 

როგორც “ეროვნულ დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისში გამართულ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში დიქტატურა დამყარდა, ოპოზიციას კი ძალიან ცოტა დრო აქვს. 
ქარდავამ 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულ 18 მომიტინგეს “სინდისის პატიმრები” უწოდა და იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოპონენტები გაჩერებას არც აგვისტოს ცხელ დღეებში აპირებენ. 

“საქართველოში ფაქტობრივად დიქტატურა დამყარებულია. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, არა, დასრულდა და დასრულებული სახით ქვეყანამ მიიღო ოლიგარქის, ივანიშვილის დიქტატურა. მართალია, ეს დიქტატურა ცოტა პაროდიულად გამოიყურება, რადგან ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. თუმცა, ბრძოლა ყველა შემთხვევაში იქნება მძიმე და აუცილებლად უნდა იყოს კონსოლიდირებული. 

რეალურად, რა ახასიათებს დიქტატურას? – ახასიათებს პოლიტიკური ლიდერების შინაპატიმრობა, ან პატიმრობა. სახეზეა ოქრუაშვილის პოლიტიკური პატიმრობა; სახეზეა ოპოზიციის ლიდერის და პარლამენტის წევრის შინაპატიმრობა; გვყავს 18 სინდისის პატიმარი. ეს ადამიანები თავიანთი შეხედულების გამო იმყოფებიან ივანიშვილის ციხეში, რადგან ისინი იცავდნენ თავიანთ ღირსებას, რომ რუსის ჩექმის დაბრუნება საქართველოში არ სურდათ და აპროტესტებდნენ ოკუპაციას. 

ამ პირობებში ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყარა რუსეთისგან მართული, კრემლის მარიონეტი დიქტატურა. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს – გასაგებია, რომ აგვისტო იქნება ძალიან მძიმე. პოლიტიკას, როგორც ყველაფერს თავისი სეზონი და აქტივობები აქვს. ეს აქტივობები არც აგვისტოში განელდება. თითოეული ადამიანისთვის, რომლებსაც მე სინდისის პატიმარი ვუწოდე და თითოეული პოლიტიკური ლიდერისთვის მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი ბრძოლა იქნება, აუცილებლად სამოქალაქო სექტორთან ერთად. 

მე ვპირდები ბიძინა ივანიშვილს – შემოდგომაზე ის აუცილებლად მიიღებს პასუხს რეპრესიული ზაფხულის გამო და მიიღებს პასუხს რუსთაველზე, სწორედ იქ, სადაც მან სისხლი დაღვარა. ჩვენ დავასრულებთ ამ ხელისუფლებას, რადგან ის სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის, არა ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოს მომავლისთვის”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

წინა სტატიაუბედური შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე – ჩაქცეული ჭის ნაშალმა ადამიანი მოიყოლა [Video]
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი: ეს ხელისუფლება საშიშია, აქციის მონაწილეები ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის დასანახად დაიჭირა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური