ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

0
644

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ბოლო გამოცდა 24 ივლისს მაგისტრობის მსურველებისათვის ჩატარდა. „2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცხადებულ აპლიკანტთა სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება. იყო გამოცდიდან მოხსნის რამდენიმე შემთხვევაც. ძირითადად, ეს იყო მობილურით და დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობები. აბიტურიენტების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 2 ფაქტს, როდესაც აპლიკანტის ნაცვლად გამოცდაზე სხვა გამოცხადდა. 2019 წლის გამოცდებში მონაწილეები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ მათი გამოქვეყნებისთანავე ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზე, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 17 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდა.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს, ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს, ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

წინა სტატიაენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
შემდეგი სტატია20 არასამთავრობო ორგანიზაცია, „რუსთავის 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური