ევროპის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ორმა კონკურსანტმა გაიმარჯვა

0
588

ევროპის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში – ,,ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეული” საქართველოდან წარდგენილი ხუთი ნამუშევრიდან სამმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებიდან ორი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელია.

კონკურსში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნაშრომები თემებზე: ხელოვნება და გართობა/შემეცნება. გამარჯვებული მოსწავლეები, 2019 წლის ნოემბერს სტრასბურგში გაემგზავრებიან არიან.

კონკურსის გამარჯვებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე თუზბაია. მისი ნაშრომი ,,ჩვენი ევროპული მემკვიდრეობა – დადიანების სასახლე ზუგდიდში“ სამ გამარჯვებულ ნამუშევარს შორისაა. კონკურსის გამარჯვებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე 12 წლის ბარბარე გიგლემიანი – მან კონკურსზე „ლამპრობა და აპჰელიო“ წარადგინა.

საქართველოს გარდა, 10 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა უკრაინის (1 ნაშრომი), მაკედონიის (1 ნაშრომი), ლატვიის (1 ნაშრომი), სერბეთისა (2 ნაშრომი) და რუსეთის (2 ნაშრომი) ნაშრომები. ინიციატივაში სულ ჩართულია 12 ქვეყანა, ესენია: საქართველო, ესპანეთი, ესტონეთი, ისლანდია, ლატვია, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუსეთი.

ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულს (EHMW) საფუძველი ჩაეყარა ფინეთში 2013 წელს, 2014 წელს კი მან საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. ევროპული მემკვიდრეობის დღეების ასამბლეამ, რომელიც 50 ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან შედგება, ეს წამოწყება სცნო ნოვატორულ და მდგრად ინიციატივად. კვირეული პირველად მასშტაბური სახით 2018 წელს ჩატარდა. ინიციატივას ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კონკურსში საქართველომ მიმდინარე წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

ინიციატივის ფარგლებში წარმოდგენილია „ამბები“, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები ჩაუღრმავდებიან, უკეთ გაეცნობიან და გაუზიარებენ საზოგადოებას თავიანთი მემკვიდრეობის ძეგლებს საკუთარი ინტერპრეტაციით. ინიციატივის მიზანია, მოისმინოს ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმა, წაახალისოს ისინი და ევროპული მემკვიდრეობის მომავალი შემოქმედები გამოავლინოს მათში.

ევროპული მემკვიდრეობის დღეების პორტალზე გამოქვეყნებული თემებიდან ეროვნულ დონეზე ხდება 5 საუკეთესო ნამუშევრის შერჩევა და გაგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის სამსახურში. ხოლო ევროპული პანელი თავის მხრივ გამოავლენს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ნაშრომებიდან 10 საუკეთესოს.

წინა სტატიაგადაცემა თეზისი გადაცემის სტუმარია ნათია სახოკია. ვსაუბრობთ გიგი სიჭინავას შემოქმედებაზე [Video]
შემდეგი სტატიასამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური