რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ვინაიდან სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება გააუქმა, გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და რ2 უკვე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა.
“მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, იმიტომ რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიისა, რომელიც, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად შეცვალოს.
იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში და დაადგენს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. ამ შემთხვევაშ თუ დარეგისტრირებული იქნება უკვე ქიბარ ხალვაში და თან უკანონონდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაული”, – თქვა ნიკა გვარამიამ.