ჭითა მარქვალი, მჭითა მაქვალი, წითელი კვერცხი; ოთანუ, პასქალია, თანაფა – აღდგომა სამეგრელოსა და ლაზეთში

0
1548
 
 
,,ქართულისგან განსხვავებით, მეგრულ-ლაზურში აღდგომის აღმნიშვნელი ლექსემა უკავშირდება არა ადგომის (ა- ზმნისწინი მიღებულია ძვ. აღ- ზმნისწინისაგან), არამედ თენების აღმნიშვნელ ძირს: თანაფა  – აღდგომა. ქართული ნააღდგომევის მსგავსი წარმოებაა ამავე მნიშვნელობის მეგრული ფორმა ნოთანაფენი. თანაფა „თენება, გათენება“ გულისხმობს ახალი დღის დასაწყისს, ქრისტიანული გაგებით, კი მაცხოვრის აღდგომით კაცობრიობას მიეცა განახლების საშუალება. ვფიქრობთ, სწორედ ამგვარი აღქმა დაედო საფუძვლად ამ დღესასწაულის თანაფა ტერმინით სახელდებას.- ნათქვამია  მედეა საღლიანისა და  ნათია ფონიავას სტატიაში  ,,აღდგომა   ზანურ / კოლხურ (მეგრულ-ლაზურ) ენაში''
 
ქართულში შესიტყვება ,,აღდგომა გაუთენდა''  ნიშნავს „ბედნიერი დღე გაუთენდა, სასიხარულო დრო დაუდგა“, ასეა მეგრულშიც: თანაფაქ გუთანდჷ „სიხარული, ბედნიერება ეწვია (ზედმიწ. „აღდგომა გაუთენდა“). მისი სინონიმური იდიომი დასტურდება ალიო ქობალიას ლექსიკონში: თანაფაქ გემშურთჷ „გუნებაზე მოვიდა, გაიხარა (ზედმიწ. „აღდგომამ შეუვიდა“).
 
, ლაზურში თანაფა-ს შემცველი ასეთი იდიომები  არ გვხვდება, რადგან ეს სიტყვა რელიგიური შინაარსისგან დაცლილია. აღდგომის მნიშვნელობით ის გვხვდება ალი თანდილავას ლექსიკონში, მაგრამ თანამედროვე ლაზთა მეტყველებაში იგი მხოლოდ (გა)თენების სემანტიკით გამოიყენება. იგივე თან- ძირის შემცველი ოთანუ ზმნა ალი თანდილავას ლექსიკონში გათენების პარალელურად ნათებასა და ბრწყინვასაც გამოხატავს. ამ ქრისტიანული დღესასწაულის ხსენება თუ დასჭირდა ლაზს, საქართველოში მცხოვრები იხმარს აღდგომა ლექსემას, თურქეთში მცხოვრები – პასქალია-ს, რომელიც ბერძნულიდან მომდინარე ტერმინია და თურქულშიც ამ ფორმით გვხვდება. – წერენ სტატიის ავტორები.
 
 
ტაო
 
სამეგრელოში აღდგომამდე ორი კვირით ადრე აღინიშნება აიობა , რასაც მოსდევს ბზობა – მეგრულად ბაიობა. მას ადრე თურმე ბჟაშ ჩხორიას „მზის სხივს“ ეძახდნენ. აიობის დღესასწაულზე სცოდნიათ სახლის ყვავილებით მორთვა, ახლა ანალოგიური რიტუალი მხოლოდ ბზობა დღეს სრულდება – სახლში მიმოფანტავენ ბაიას. ადრე თურმე ბაიას იატაკზე წრიულად, მზის ფორმით დაყრიდნენ და ზედ კვერცხს გადააგორებდნენ, რომელსაც აუცილებლად შეღებავდნენ აღდგომას. ამ დღეობებთან დაკავშირებული ერთი ხალხური ლექსია მეგრულში:
„აია რე, ბაია რე,                                                
ბაიაშ წორი თანაფა რე,                                      
ქირსე დო კალანდა რე,                                     
წაკურთხია დიდი (ჯგირი) დღა რე.“             
 
( ქართული პწკარედი:
„აია არის, ბზობა არის,                                                                              
“ბზობის სწორს [სწორი] აღდგომა არის,
შობა არის და კალანდა არის,
 წყალკურთხევა დიდი (კარგი / წმინდა) დღე არის).
 
აღდგომასთან დაკავშირებულია ასევე ტერმინები: წითელი პარასკევი და წითელი კვერცხი, რომლებიც მეგრულშიც გვაქვს და დასახელებული ქართული შესიტყვებების თარგმანს წარმოადგენს: ჭითა ობიშხა და საზღვარსგაღმა ლაზებმაც იციან, წითელ კვერცხს ღებავდნენ თურმე ისტორიული ტაო-კლარჯეთის მკვიდრნიც, ოღონდ მას ქრისტიანული დატვირთვა არ ჰქონდა. ერთ-ერთი ხოფელი მთქმელის ინფორმაციით, ეს ჩვეულება დაახლოებით 1980 წლამდე შენარჩუნებულა. საერთოდ ნოვრუზ ბაირამზე წითელი კვერცხის შეღებვის ტრადიცია სხვა ხალხებსაც აქვთ, რაც მათთვის სიმბოლოა ბუნების გაცოცხლებისა. ამ შესიტყვებებს, გარდა პირდაპირისა, აქვთ გადატანითი მნიშვნელობები, ქართულის მსგავსად: მეგრ. ჭითა კვერცხი, ლაზ. ჭითა მაქვალი „გამორჩეული ვინმე“ (ზედმიწ. „წითელი კვერცხი“): ჭითა მაქვალი ხოშ ვაე „წითელი კვერცხი ხომ არ ხარ?“
 
 
მარტვილი
 
თომას კვირის აღმნიშვნელად მეგრულში დასტურდება უფალთანაფა და ჭიჭე თანაფა (ზედმიწ. „პატარა აღდგომა“), ასევე გვხვდება ოსურთანაფა || ოსურეფიშ თანაფა „აღდგომის მეორე კვირა“. ბოლო შესიტყვება, ცხადია, დაცლილია ქრისტიანული შინაარსისგან, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რა დაედო საფუძვლად მის ამგვარ სახელდებას.
 
აღდგომას სამეგრელოში ერთმანეთს ასე ულოცავენ: ბრელ წანაშ თანაფას (ზედმიწ. „მრავალი წლის აღდგომას“ || ღორონთქ ბედინერი თანაფა გოითანუან(ი)  (ზედმიწ. „ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა“), ბოლო დროს კი უმეტესად  ქრისტე აღდგა შესიტყვებას იყენებენ, პასუხადაც ჭეშმარიტადო მიუგებენ.
 
,, ოდიში ნიუსი'' დასძენს, რომ ამ სტატიაში  უთუოდ არის სადაო დასკვნები ტერმინოლოგიასთან მიმართებაში,  მაგრამ დღეს ეს არ არის მთავარი.
 
მიარე თანაფა გომთანუან ღორონთქ,  მრავალი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. სხვა ჩვენს სათქმელს ფოტოხელოვან ნინო ლომაძის ეს მშვენიერი და გულის შემძვრელი ფოტო გეტყვით 
 
 
 
 
წინა სტატია28 აპრილს თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ჩამოდის
შემდეგი სტატიაისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური