მილიონი ხელმოწერა – კამპანიას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები შეუერთდნენ

0
373
ყველა მინუს „ქართული ოცნება“ – პოლიტიკური ოპონენტები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიებმა შეხვედრა გამართეს. 20 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა. 
 
ხელისუფლების ოპონენტები მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. პარტიებმა საბოლოო დეტალები შეათანხმეს, რის შემდეგაც კამპანია მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება. ერთმანეთის გვერდით გამოჩნდნენ გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და საქართველოში არსებული სრული ოპოზიციური სპექტრი. 
 
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ოპოზიციის და ასევე ამომრჩევლების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვეს. ერთ-ერთ ფორმად ქუჩაში ხალხის გამოსვლა განიხილება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ყველა კონსტიტუციურ ბერკეტს გამოიყენებენ.
 
ოპოზიციის წევრები აღიარებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის გვერდით დასხდნენ და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობდნენ.
 
„4 მილიონზე მეტი ადამიანი კატეგორიულად უკმაყოფილოა, რომ მათი სახელით გაუგებარი ადამიანი, პატარა ცახესი, რომელიც აზის საქართველოს თავზე, ის წყვეტს ყველაფერს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია.
 
„აქ შეკრებილი ადამიანების მთავარი ამოცანაა ის, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა არავის, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს,“ – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
 
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, იწყებენ ბრძოლას სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის.
 
„მიხეილ სააკაშვილს მე მხარს ვერ დავუჭერ, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი მოქალაქეები პროპორციულად იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილები,“ – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
 
ოპოზიციის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის შესაცვლელად აუცილებელია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
 
„ივანიშვილის მესამე ვადა იქნება ამ ქვეყნისთვის ხერხემალში გარდამტეხი, რამაც შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს ქვეყანას და საზოგადოებას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ. 
 
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არ დაუშვებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მესამე ვადით მოვიდეს.
 
„ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ საქართველოში მესამე ვადა შეინარჩუნოს, ეს იქნება იმ ტიპის კრიზისი, რასაც ვენესუელაში ვუყურებთ, რომელიც არავის მოგვწონს,“ – განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.
წინა სტატიაზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
შემდეგი სტატიათბილისში CO-ს დაგროვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური