ლევან ბერძენიშვილი: “ქართული ოცნება” ვაბანკზე წავიდა, სახე დაკარგა და ახლა მორალურად ისეა დაცემული, წამოდგომას ვეღარასდროს შეძლებს”

0
544
 ,,ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მსოფლიოს გავაკვირვებო და მართლა აკვირვებს…"  – ამბობს "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი  ,,კვირის პალიტრისთვის'' მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ქვეყნდება სათაურით "ივანიშვილი ზის და ისე გველაპარაკება თითქოს ღმერთი იყოს, კი მაგრამ, ვინ არის – მოსამართლე, პროკურორი, ჯალათი თუ ყველა ერთად?"
 
ლევან ბერძენიშვილის აზრით,  , "ქართული ოცნება" ვაბანკზე წავიდა, სახე დაკარგა და ახლა მორალურად ისეა დაცემული წამოდგომას ვეღარასდროს შეძლებს. "რესპუბლიკელი" ლიდერი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ან დამარცხდება, ან ისე გაიმარჯვებს, რომ დამარცხება სანატრელი გაუხდება. 
 
– ბატონო ლევან, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ივანიშვილმა მსოფლიო გააკვირვა?
– ივანიშვილმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გამოაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს მმართველი გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცინერი კანდიდატის გამარჯვებით არაფერი დაშავდება, ჩვენ შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ განზე გავდგეთო. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს არის სამკვდრო-სასიცოცლო ბრძოლა. სალომე ზურაბიშვილმა ახლა რომც მოიგოს არჩევნები, ეს იქნება ე.წ პილოსის გამარჯვება, რომელიც დამარცხებაზე უარესია.
 
– რა გაძლევთ, ამის თქმის საბაბს?
– მმართველმა გუნდმა ამ ბრძოლაში, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი დახარჯა, მათ შორის მორალურიც და ისე დაეცა, რომ წამოდგომას ვეღარასდროს მოახერხებს. შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ კანდიდატს, ბანერებზე ქალს კაცები გადაახატეს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მიუყენებიათ ასეთი შეურაცხყოფა საკუთარი კანდიდატისთვის. უცნაურია, რომ ეს დამცირებული კანდიდატი არაფერს იმჩნევს, თითქოს ვერ ხედავს, რომ მას არ ალაპარაკებენ, რომ მალავენ, რომ კამპანიას სხვები წარმართავენ… 
 
– თქვენ მმართველი გუნდის უპირობო მარცხზე საუბრობთ, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ ხალხი მასზე ნაწყენია და არა გაბრაზებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიტიკულ ვითარებაში ისევ "ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს.
– ივანიშვილმა რა იცის, ხალხი ნაწყენია თუ გაბრაზებული? 7 მილიარდამდე თვლის მეტი რა იცის მაგან? მე ნაწყენიც ვარ და გაბრაზებულიც… ივანიშვილის კანდიდატს სწორედ გაბრაზებულმა ხალხმა არ მისცა ხმა. ხალხი ჩემსავით იმიტომ არის გაბრაზებული, რომ 6 წლის განმავლობაში, 9 წელზე ლაპარაკის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. საყოველთაო დაზღვევის მოწესრიგება დააპირეს, მაგრამ ისიც ჩააფლავეს. სააკაშვილის შემთხვევაში ისიც ვიცით რა დააშავა და ისიც, რა გააკეთა. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ივანიშვილმა არაფერი გააკეთა. შევარდნაძეც კი არ ყოფილა ასეთი უმაქნისი, ნატოს კარებზე მაინც მიაკაკუნა, ევროსაბჭოში შეგვიყვანა და გაეროს წევრი გაგვხადა. რაღაც მაინც დარჩა სათქმელად. ივანიშვილის გუნდი რას იტყვის, პარლამენტის თავმჯდომარეს თმა გაჩეჩილი ჰქონდაო?
 
– "ქართულ ოცნებას" შეუძლია თქვას, რომ ბიზნესმენებს აღარ ატერორებენ, ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, ქვყანაში მეტი დემოკრატიაა…
– თუ ეს სიმართლეა, რატომ წააგო ივანიშვილმა გლდანის ციხე? ყოფილი პატიმარი ვარ და კარგად ვიცი, რომ ციხეში კარგად არასდროს არავინ იქნება, არც საქართველოში, არც ამერიკაში და არც ევროპაში. რომელ დემოკრატიაზე და ბიზნესის თავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც მინისტრებს სარდაფებში სცემენ? ასეთი სტატუსის კაცს, რომ ასე მოექცევიან, ხომ წარმოგიდგენიათ სხვას რას უზამენ? საქართველოში ბიზნესი იყო და არის დატერორებული. ფარცხალაძე ისეთი ღარიბი იყო, ბოტასებს იპარავდა, მერე მილიონერი როგორ გახდა? ამდენი ფული ქუჩაში იპოვა თუ გიორგი კვირიკაშვილივით პენსიონერმა მამამ გადაურიცხა? მაჩალიკაშვილს შვილი ლოგინში მოუკლეს, ამაზე მეტი წამება რა გინდათ? სარალიძეს შვილი ოთხმა ადამიანმა მოუკლა და ესენი ერთს ვერ პოულობენ. ეს არის სამართლიანობა? გათახსირებული არ ჰქვია იმ კაცს, რომელიც სამართლის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსულ შვილმოკლულ მამას ეტყვის, "ნაციონალებმა" გიყიდესო? დღეს მთელი საქართველო ნაწამებია. თვიდან თვემდე 200 ლარით რომ უნდა იცხოვრო ეს წამება არ არის? ხალხს ეუბნებიან 9 წელი რომ იტანჯებოდით ახლა 6 წლიან ტანჯვაზე რატომ გაქვთ პრეტენზიაო. "ნაციონალები" ნიჭიერები მაინც იყვნენ, ესენი ყველა სხვა "სიკეთესთან" ერთად უტვინოებიც არიან. 
 
– ივანიშვილმა უკვე არაერთხელ ისაუბრა საკუთარ შეცდომებზე, ახალი დაპირებებიც გასცა და ავანსის სახით 600000 კაცის საბანკო ვალდებულება საკუთარ თავზე იტვირთა. როგორ გგონიათ გაუძლებს ამ ცდუნებას ამომრჩეველი?
– 600 ათასი კაცის სესხი, იმ პირობებით, რომელსაც "ქართუ" აყენებს, 50 ათას ლარზე მეტი არაფრით გამოდის. ე.ი. ეს დახმარება შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც 2000 ლარამდე აქვთ სესხი და ერთი ლარიც კი არ აქვთ ბანკში შეტანილი. ჩვეულებრივი პროპაგანდაა და ძალიან ცოტა ადამიანს შეეხება. ესეც რომ არ იყოს სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონის დარღვევა. " ქართული ოცნება" ისედაც არ უქნია ღმერთს და ახლა ეს საშინელი პიარი უნდოდათ? ამათ აღარაფერი უშველით, "ქართული ოცნების" კანდიდატი აუცილებლად წააგებს ყველა ქალაქს და სოფელს, ხელისუფლება კი შეეცდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილებიდან მოიტანოს არნახული რაოდენობის ხმები.
 
– და, რა იქნება შემდეგ, გამართლდება თუ არა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ვერსია იმის შესახებ, რომ "ნაციონალები" მესამე ტურისთვის ანუ ქუჩაში გასვლისთვის ემზადებიან? 
– თუ 80%-ით მოიგებს ვაშაძე და ივანიშვილი იტყვის ჩვენ მოვიგეთო, სათანადო პასუხსაც მიიღებს, მაგრამ თუ განსხვავება უფრო მცირე იქნება, სერიოზული აქციები მას არ ემუქრება. ეს მშვენივრად იცის ივანიშვილმა და ტყუილად ნუ აშინებს ხალხს. წინასაარჩევნო პერიოდში ვაშაძეს არც ერთი მიტინგი არ ჩაუტარებია, მიტინგებს ატარებს ირმა ინაშვილი, "ქართული მარში" და ივანიშვილი, რაც სრული კატასტროფაა. მე არ ვიცი, ვის უჯერებს ივანიშვილი, დარწმუნებული ვარ, ჰგონია, რომ გენიოსია. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი მალე დაარწმუნებს, რომ ფულის თვლას გენიოსობასთან საერთო არაფერი აქვს.
 
როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ვის უჯერებს? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს მისი სატელევიზიო ჩართვები და ინტერვიუები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ზოგჯერ "ნაციონალებსაც" უხერხულობაში აგდებს. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან მიმართებაში? 
– სააკაშვილის ზოგიერთი განცხადება მართლაც არ იყო სერიოზული, ზოგიერთი ემოციური იყო, ზოგიერთი არასწორი, მაგრამ ივანიშვილის განცხადებების შემდეგ მისი კრიტიკა ძალიან გამიჭირდება. კაცი ამბობს, ხელს მოვაჭრი, იმას ვინც არჩევნებს გააყალბებსო. კი მაგრამ ვინ არის? მოსამართლე, პროკურორი, ჯალათი თუ ყველა ერთად? რომელი საუკუნეა? თუ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მართლა უნდოდა, შეეძლო გამხდარიყო პრემიერი ან პრეზიდენტი. ამ ყველაფერზე უარი თქვა და გახდა არაფორმალური ლიდერი. ახლა ზის და ისე გველაპარაკება თითქოს ღმერთი იყოს, მისი მომხრეები კი გასუსულები უსმენენ. მერე ეს ხალხი მორალზე დაგველაპარაკება. ე.ი "ქოცები" ისე არიან დაბრმავებულები "ნაციონალების" ზიზღით, რომ საკუთარ უსუსურობასაც ვეღარ ხედავენ. მე მათ მივმართავ, სარკეში ჩაიხედეთ, რას დაგამსგავსათ ამ "მამაძაღლმა სეთურმა".
 
 https://www.kvirispalitra.ge/
წინა სტატიაგაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორს ახალკახათში მანქანა დაუზიანეს [Video]
შემდეგი სტატიადღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური