,,მამები და შვილები. მინივენი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”. – ლაშა ბერულავას ბლოგი ან, თუ გნებავთ, ფრონტული დღიურები

0
780
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ სხვა  წარმომადგენლებთან ერთად  ფეხმოუცვლელად დგას  საოკუპაციო ხაზთან, რომ ვერც ოკუპანტებმა იმოქმედონ მედიისგან მალულად და და ვერც საქართველო მხდალმა ხელისუფლებამ მიაფუჩეჩოს მათი მოქმედება. 
ეს ღამის ,,საფეისბუქო'' რეპორტაჟიც ატოციდან,  სადაც მოძრაობის წევრები პატრულირებენ , ხელშესახებად გაგრძნობინებთ, რა პირობებში უხდებათ მათ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება და რა არის ის , რამაც მათ უარი ათქმევინა თბილისურ კომფორტზე და მავთულხლართებთან   მოწანწალე ქარ-ყინულიან  დღეებში და ღამეებში  აძლებინებთ .
 
მაშ ასე. ლაშა ბერულავას დღევანდელი  სტატუსი სოციალურ ქსელში. 
 
ამ ფოტოზე საღამოს აღბეჭდილიდან დარჩენილი ოთხნი ახლა ატოცში, მინივენში ვართ. მეოთხე, ჩემი სეხნია, სიცხიანია. მაინც წამოვიდა დღეს და დიდი სინდისის ქენჯნით გვითხრა, ცოტას წავუძინებ და გამაღვიძეთ, თუ რამეო. 
ოკუპანტები დღეს ვერ გამოვიდნენ გუშინ დაწყებული საქმის გასაგრძელებლად. 
 
ქოცები ნუ იქირქილებთ, რადგან ჩვენც ვიცით, ჩვენი არ ეშინიათ.
მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს ომი უნდა მოვიგოთ და ომი და მოგება ყველა შემთხვევაში არ უდრის იარაღის გამოყენებით ბრძოლას და მოგებას.
 
 
 
დიახ, ჩვენ ახლა მინივენში ვსხედვართ, ვსაუბრობთ და რუს ვანიას და ქართველ სალომეს ვაგინებთ, რომელიც დღეს აქ იყო და რომელიც ძალიან უტვინოა. 
"ეს შობელძაღლი პირველი პირი როგორ უნდა გახდეს, როცა ისიც ვერ დაუმახსოვრებია, რომ საოკუპაციო ზოლზე მოსახლეობასთან შეხვედრისას სიტყვა "საზღვარი" არ ახსენოს…" – ბრაზობს დეკანა და ახლა, ამ სტატუსის კითხვისას, მახო სახლში ზის(ისიც ორი დღე იყო აქ) და იცინის, მაგხელა წინადადებას დეკანა როგორ იტყოდაო…
 
ვინც არ იცით, დეკანა ის კაცია, აი, პრორუს ღრუზინებზე გინებას რომ სულ სართულ-სართულ თლის და სხვენში ინახავს, ამას გარდა, დეკანა ზუსტად ისეთია, როგორიც ამხანაგთმაძიებელი ედმონდო "სამოსელი პირველიდან", ოღონდ, იმისგან განსხვავებით, ეს ამხანაგობის ნაცვლად ინტერნეტის გაზიარებას გვთხოვს ყველას, რადგან რაღაც დაწყევლილი ტელეფონი აქვს, არ იშორებს ცოცხალი თავით, გუნდისთვის კი დღემდე გამოცანად რჩება, რატომ აქვს მუდმივად თავი ჩარგული მობილურში და რა ჯანდაბის ორღობეს სქროლავს, თუკი ინტერნეტი არა აქვს..
დიახ, ჩვენ ახლა მინივენში ვსხედვართ და ვცდილობთ, ჩვენი სადღეღამისო აქ ყოფნით დისკომფორტი შევუქმნათ ოკუპანტებს.
მგონი, ვახერხებთ. ახლა, სიბნელეში ის ბოძები არ ჩანს, მაგრამ არსებობს… 
 
ჩვენ ცოტანი, მაგრამ თქვენი წყალობით, მაინც ბევრნი ვართ და ჩვენ არ გვეზარება თბილისიდან 130 კილომეტრზე წამოსვლა და მე მგონი, იმიტომაც, რომ სხვანაირად ვართ აქ, სხვანაირად ვზრუნავთ ერთმანეთზე, მაგალითად, ძველებს ზურგჩანთაში ყოველთვის მოგვეძევება დამატებით თბილი ქურთუკი, ან პლედი ზურგჩანთაში იმ ახალბედებისთვის, რომლებსაც თბილი ტანსაცმელი არ წამოუღიათ (აქ ძალიან ცივა), აქ ერთმანეთს ლუკმას ვუყოფთ, სიგარეტს ვაძრობთ "გალიაკის" დროს რომელიღაც ჯიბიდან და გვიხარია, დათო ქაცარავას კი ვერ გაუგია, რატომ ვართ აღფრთოვანებულები საწამლავის პოვნის გამო…
 
ჩვენ ახლა აქ შემოვლა გვქონდა, ახლა ვსხედვართ და ვამაყობთ იმით, რომ თქვენი დელეგირებული წარმომადგენლები ვართ ამ ადგილას. თქვენგან ზოგი ალალად გვიწერს, თქვენს იმედზე ვართო და ეს აშკარად გაზვიადებულია, მაგრამ სადღაც, სიმართლეა, ოღონდ, ჩვენც თქვენს იმედზე ვართ, ვიცით, ერთ ამბავს ატეხავთ, რამე რომ მოგვივიდეს, ისიც იცოდეთ, ვამაყობთ იმით, რომ ნებისმიერ სოფელში, სადაც მოხალისეებად თბილისიდან წამოსულები მოსახლეობაში კითხულობენ, როგორ მოვლენ ჩვენს ბანაკამდე და "ქაცარავა დ ისინი" ყველამ იცის. 
ჩვენ არავის ვაყვედრით არაფერს, არავის ვამადლით თავს: რასაც ვაკეთებთ, ჩვენი არჩევანია, ძალით არავინ მოგვერეკება…
 
დიახ, ჩვენ ვსხედვართ და დროდადრო ვქოქავთ მანქანას და ვთბებით, საწვავსაც გამოზოგვა უნდა, ბაქოზე კი არაა მიერთებული… 
მუდამ თხლად ჩაცმული და მცივანა ჭანტურიშვილი ამ წუთას მთხოვს, კარი დავხურო და თავისი მოთხოვნის ლოგიკურობის დასადასტურებლად უტყუარი არგუმენტი მოჰყავს: "ფილტვების ანთება მაქვს" და ჩვენთან ერთად ისიც იცინის. 
დათო დღეს თბილისშია. ორი დღე აქ იყო და ლამის გავაგდეთ. ვიცი, ხვალ ისევ აქეთ გამოუწევს გული, ჩვენ ხომ თითქოს უხერხულობა გვიპყრობს, როცა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი თბილისში გვხვდება და თითქოს, თავს ვიმართლებთ, როცა აქაურობაზე გვეკითხებიან "გუშინ ჩამოვედი", "დღეს მივდივართ"…
 
 
ჩემი ტასასხელაა დათოს ქეთუშა და მგონია, რომ ახლა მამასთან სძინავს. და მგონია, რომ ტასასავით ბედნიერია, როცა მე სახლში ვარ და დათო აქ. 
ისეც მომხდარა, ერთად ვყოფილვართ ღამის მორიგეობაზე და აი, ხომ ყველაფერი ამაღლებულია, საერთო საქმე, კარგი ადამიანების სიახლოვე, მაგრამ მეც და დათოსაც მაინც მძიმედ გვხვდება გულზე, როცა ქეთუშა და ტასია დაბინდებულზე მამიკოებს ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს უსვამენ: "მამიკო, ჩემს დაძინებამდე მოხვალ?".
 

წინა სტატიამურმან დუმბაძე: ,,ოპოზიცია ხმებისა და ამომრჩევლის დასაცავად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს”
შემდეგი სტატიაამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რადიო ,,ამერიკის ხმის” ეთერში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური