ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ტყაიაში არჩევნების დღეს სოფლის რწმუნებულის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზომები არ მიუღია. საუბარია ტყაიის 71- ე უბანზე სოფლის გამგებლის ქმედებაზე, რომელიც 28 ოქტომბერს უბანზე ნასვამი მივიდა და იგინებოდა. ედემ კეკუტიას მიერ ამომრჩეველზე ზეწოლისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული გინებისა და ქმედებების ამსახველი ვიდეო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო და სააგენტოებს გადასცა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში და ასევე ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზომებს აუცილებლად მიიღებდა, მთელი დღის განმავლობაში კეკუტია უბანზე პერიოდულად ჩნდებოდა და იგინებოდა, ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებზე. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მიგვეღო მერიიდან პასუხი, აგებს თუ არა პასუხს არაეთიკურ ქმედებასა და დარღვევებზე სოფლის რწმუნებული და რა ზომები გატარდება მის მიმართ, უწყებაში ამ დრომდე არ გვპასუხობენ. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ