ხმაურიანი დაკავებები ,,მარიხუანას ფესტივალზე”

0
401
გუშინ ,,გირჩის'' მიერ დაანონსებული  ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ჩატარების მცდელობისას  რამდენიმე პირი, მათ შორის ,,გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს კიდევ 7 პირი, გირჩის განცხადებით კი 11 პირი. 
 
როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი,  "გირჩი" არაერთხელ გააფრთხილეს ფესტივალის უკანონობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამან ვერ შეააჩერა ფესტივალის ორგანიზატორები.. 
 
,,ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის გირჩის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
 
აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დედა ენის ბაღში, (მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად) ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა. 
 
სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
 
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
 
ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას.
ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის მარიხუანას) პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
 
საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება და რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს."- ნათქვამია შსს სპეციალურ განცხადებაში.
 
პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანილი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს.,  როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამმართველოში შეამოწმეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით რა საპატიმრო დატოვეს ,,გირჩის'' სხვა ლიდერებმაც – აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ
 
გირჩის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული თერთმეტივე პირი თავისუფალია.
წინა სტატიარეპრესიებისა და დევნის გამო ქვეყნის ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საქართველო დატოვა
შემდეგი სტატიალომისის მამათა მონასტრის სიახლოვეს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური