„ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულები სინამდვილეში ციტრამონსა და პარაცეტამოლს ყიდდნენ

0
392
კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული  ვიქტორ ჟამუტაშვილი და ქეთი მურუსიძე სინამდვილეში ციტრამონსა და პარაცეტამოლს ყიდდნენ. – ინფორმაციას ამის შესახებ   ambebi.ge ავრცელებს ბრალდებულეის ადვოკატებზე დაყრდნობით. 
 
როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ  განაცხადეს ,  "მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 8 პირის საქმე გაიყო და დაწყებულია არსებითი განხილვა. თუ რატომ გაიყო საქმეები, ამაზე პროკურატურასაც არ გაუკეთებია განმარტება, მაგრამ ჩემი, როგორც იურისტის პოზიციიდან გეტყვით, რომ არცერთი ბრალდებული კავშირში არ იყო ერთმანეთთან, აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეებია და ასე სჯობს პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვის. ყველა დაკავებულს ცალკე მოსამართლე ჰყავს.
 
სამ ბრალდებულზე დადასტურდა და მტკიცებულების სახითაც იქნა ამოღებული ციტრამონი, ისინი არ ჰყიდნენ ნარკოტიკს“
 
რაც შეეხება უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, ხურცილავას ინფორმაციით, ის ისევ დუმილის უფლებას იყენებს.
 
„ვიქტორი ისევ დუმილის უფლებას იყენებს. რეალურ სასჯელზე თანახმა ვართ, ამოღებულია ნარკოტიკი მტკიცებულების სახით, მაგრამ ვიქტორ ჟამუტაშვილი არ აღიარებს ბრალს. უფრო მეტიც, მე დავკითხე რამდენიმე მოწმე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვიქტორის დავალებით, ნებისმიერ პირს, რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, „გალერიში“ არ უშვებდნენ. გაყიდვაზე ხომ ზედმეტია საუბარი?
 
ე.წ. მოწმე, რომელიც ჩემი ვარაუდით და სხვადასხვა წყაროების ცნობით, აგენტია, ვერ ჩამოყალიბდა, თვითონ მივიდა პოლიციაში და მათ თანამშრომლობა შესთავაზა თუ პირიქით, აიძულეს თანამშრომლობა. თავადაც ნასამართლევია ნარკოდანაშაულზე. არსებობს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც მე დავკითხე და ის ამბობს, რომ ორჯერ სწორედ ამ აგენტისგან შეიძინა ექსტაზი. ასევე, ერთ-ერთი დაკითხული ამბობს, რომ გლდანის ციხეში ერთად იხდიდნენ სასჯელს ის და ე.წ. მოწმე და ეს უკანასკნელი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.
 
ე.წ. მოწმე „გალერის“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეუშვა კლუბში, რომელსაც ციხიდან იცნობდა. დავკითხე კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ სპეცოპერაციამდე პოლიცია აიძულებდა თანამშრომლობას, თუმცა უარი თქვა და ბოლოს ახლობლები ჩარია, რომ მასზე ზეწოლა შეწყვეტილიყო“, – განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ „ეს ადამიანი არის მოწმე 7 დაკავებულზე, კიდევ ერთ დაკავებულზე კი მოწმე ირანის მოქალაქეა“.
 
რაც შეეხება სპეცოპერაციების ღამეს, პოლიციის მიერ დაკავებულ 22 წლის ქეთი მურუსიძეს, ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთია, რომლის შემთხვევაშიც დადასტურდა, რომ არა ნარკოტიკს, არამედ პარაცეტამოლს ჰყიდდა.
 
„ქეთი "კაზინო აჭარასთან" დააკავეს და ის ნარკოტიკების გასაღებას უარყოფს. არსებობს მტკიცებულებები, რომ არ ყიდდა ნარკოტიკებს, ის ყიდდა პარაცეტამოლს და ამოღებულია პარაცეტამოლი. ეს არის თაღლითობა, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
 
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ძალიან ღელავს ამის გამო. ჯერჯერობით მისი საქმის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა და არც საპროცესო გარიგებაზეა საუბარი. ვნახოთ რა იქნება“, – განმარტა გოროზიამ ambebi.ge-სთან საუბარში.
 
შეგახსენებთ, 2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში – „ბასიანი“, „გალერი“ და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ. სპეცოპერაციიდან ხუთი თვის შემდეგ, ყველა დაკავებული ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
 
 
წინა სტატიააბრაკადაბრა მინისტრის მეტყველებაში: „ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი”
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური