როგორია მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები? IDFI სახელფასო პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

0
403
როგორია მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები და არის თუ დადებითი დინამიკა სახელფასო პოლიტიკაში –  IDFI ინფორმაციის თავისუფლების საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით 7 წლიანი პერიოდის კვლევაის შედეგები გამოაქვეყნა.
 
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ მიღებული ახალი კანონის მიუხედავად სახელფასო პოლიტიკაში ხარვეზები ამ დრომდე რჩება.
 
დღევანდელ პრეზენტაციაზე  IDFI-ის ( ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) წარმომადგენლებმა  თანამდებობის პირების სახელფასო პოლიტიკაში არსებული ტენდენციების ანალიზი და რეკომენდაციები წარმოადგინეს.  
 
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ IDFI-მ შეისწავლა 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტის აპარატი, სამინისტროები, სამინისტროებს დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი სსიპ-ები) მიღებული საჯარო ინფორმაცია ახალი კანონის ძალაში შესვლამდე და ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი საშტატო ნუსხების და თანამდებობის პირებზე საანგარიშო პერიოდში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ.
 
როგორც IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონის მიხედვით, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი – 10.0 გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრისთვის. ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს (1000 ლარი) გათვალისწინებით ახალი კანონი მათი ყოველთვიური ანაზღაურების 10 000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. 
 
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, წინა წლის მსგავსად, 6 900 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. საქართველოს პრეზიდენტზე განვლილ წლებში პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემის შემთხვევა არ ფიქსირდება, ხოლო ახალი კანონის პირობებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა აიკრძალა, შესაბამისად, პრეზიდენტის ანაზღაურება ახალი კანონის პირობებში უცვლელი დარჩა. 
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებისათვის შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე ყოველთვიურად განსაზღვრული იყო სახელფასო დანამატები და გარკვეული პერიოდულობით გაიცემოდა პრემიები. შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, პრემიებზე და დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე 2017 წლის მდგომაროებით არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შენარჩუნება შესაძლებელი იყო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის ხარჯზე.
 
2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ყოველთვიური სარგოს ოდენობა განისაზღვრა წინა წელს მოქმედი ყოველთვიური სარგოსა და შესაბამის თანამდებობაზე დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატის ჯამის ოდენობით. მაგალითად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო ყოველთვიური სახელფასო დანამატი – 2710 ლარს. 2018 წლიდან მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 6250 ლარს.
 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. ახალი კანონის პირობებში, პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შრომის ანაზღაურების სამართლიანი სისტემის ფორმირების პროცესში, გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა. 

წინა სტატიაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 3 ბავშვი დაშავდა
შემდეგი სტატიაზვიადისთვის სამეგრელოდან ჩამოსული კაცები ჭრიდნენ საფლავს და მეგრულად ტიროდნენ…
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური