,,ჯირყვნაი საკვირველი” ზუგდიდსა და მთელ ქვეყანაში. რას იტყვის დღეს მერისგან დედანახსენები ზუგდიდის საკრებულო?

0
429
,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა – ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება’’  – განაცხადა   ზუგდიდის ყოფილმა(?)  მერმა ლაშა გოგიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე. 
 
ლაშა გოგია ამჯერად არ გავდა ადამიანს, რომელსაც დაცულობისა და ამდენად  ყოვლისშემძლეობის შეგრძნებაა აქვს, მაგრამ არაფერია გამორიცხული – არც ის, რომ  მმართველმა პარტიამ თავისი მუნდირის ღირსების დაცვა ქრთამის აღებაში დადანაშაულებული მერის ბორტს მიღმა დატოვებით სცადოს, და არც ის,  ამავე მიზნით  გამოძიების საფარველს ამოეფაროს, დრო  გაწელოს და ვნებათა დაცხრომას დაელოდოს, რომ  მის გუშინდელ პროტეჟეს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს.
 
ამის ნიშნები უკვე ჩანს – ლაშა გოგიას ცალსახა კრიტიკის ტონუსი ცენტრალური ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეთა შეფასებებში ვარდნისკენ მიდის –  და არა იმის გამო, რომ ვინმეს იქ, მაღლა ეჭვი შეეპარა ლაშა გოგიას  მექრთამეობაში  და პროვოკაციისა და ინსინუაციის მსხვერპლად მიიჩნევს მას, არამედ იმის გამო, რომ  სკანდალური ჩანაწერი ამხელს არა მოლოდ ამ კონკრეტული მოხელის, თუ გნებავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ   საზოგადოდ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილს,  თანამედროვე ქართული ტენდერების მანკიერ ხასიათს და ადასტურებს საზოგადოების მყარ რწმენას იმაში, რომ ქვეყანა იყიდება, ხურდავდება, კორუფციულ გარიგებებს ეწირება , ამ პროცესს კი მწვანე შუქი სწორედ ოლიგარქისა და მისი გუნდის მხრიდან აქვს ანთებული.
 
თევზი თავიდან ყროლდება  და ახლა ლაშა გოგიას ბოლომდე გაწირვამ შესაძლოა შეასრულოს ძმრისა და ლიმონის როლი   ყროლის სუნის გასაქარვებლად, თუმცა ამის გამო დამპალი თავის ტოქსინები არ გაქრება. 
 
გოგია წავა თუ არ წავა, გაუშვებენ თუ არ გაუშვებენ, ეს არაფერს ცვლის, როგორც ვერაფერი შეცვალა ჯერ ჰაქიმ ფაშას, შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის გაშვებამ –   სად პრემიერ მინისტრები  და სად ქალაქის ( მაგრამ არა თბილისის მასშტაბის)  მერი.
 
თუ ეს ყველაფერი ლაშა გოგიას და ამ საქმის სხვა ფიგურანტებს შერჩათ , საქმე გვექნება სწორედ ცენტრის უბადრუკ მცდელობასთან, პირი მობანონ  თავიანთი გუნდის წევრს  და  შეუქმნან მას პირობები გამოძვრეს ამ საკანდალური სიტუაციიდან, შესაბამისად, შექმნან სურათი, რომ  არანაირ კორუფციულ გარიგებებსა და მექრთამეობას სახელმწიფო სტრუქტურებში ადგილი არა აქვს და  ამ კამპანიის აგორება   ჩასაფრებულების, პროვოკატორების ნამოქმედარია.
 
ასეა თუ ისე, გამოძიება  რაღაც დასკვნამდე ( ამა თუ იმ პოზიციის ადამიანებისთვის შესაძლოა მოულოდნელ შედეგებამდეც) მივა, მანამდე კი დღეს ზუგდიდში დაგეგმილია ზუგდიდის საკრებულოს სხდომა , რომელსაც ადრინდელი  უფერული სხდომების ფონზე  დოდი ინტერესით ელის ქალაქი. 
 
 რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო, იგუებს თუ არა ლაშა გოგიას ტიპის მაღალ მოხელეს, რომლის  დამოკიდებულება (კორუმპირებულობას რომ თავი ვანებოთ), ამ  სტრუქტურისადმი – ხალხის არჩეული საკრებულოსადმი სკანდალურ ჩანაწერში მკაფიოდ ჩანს, ვნახოთ, რას იტყვიან დღეს   საკრებულოს წევრები   მათი დედების მგინებელ მერზე ( აბა კორუფცია რომ იქ არ ადარდებთ, კიდევ ერთხელ დავინახეთ),
და აქ მივდივართ ერთ ძალიან მტკივნეულ პრობლემასთან –  საკრებულოს წევრთა  უმრავლესობა რომ მართლაც არჩეული იყოს და არა დანიშნული, მათ  უკან რომ მართლაც ამომრჩეველი იდგეს,  თავს მორჩილად არ დახრიდნენ მერის წინაშე, რომელიც დედის გინებით აღებინებდა მათ ხალხის, ქალაქის  ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.  
 
საინტერესოა,  რა  გვაქვს დღეს   საკრებულოს  სახით – ადგილობრივი თვითმმართველობა ,  რომელსაც მაღლიდან გუბერნატორი და ცენტრალური ხელისუფლება ახვევს თავს უკანონო გადაწყვეტილებებს, დაბლიდან – მერი,  თუ   ელემენტარული ღირსების  მქონე ადამიანების საკრებულო, რომელთაც შეუძლიათ თქვან: ,,არა!’’ , როცა  ზევიდან  კარნახით  ქალაქი მტკაველ – მტკაველ იყიდება და ბოლოსდაბოლოს, თუნდაც  მაშინ, როცა დედას უხსენებენ  ძალაუფლების ხიბლში ჩავრდნილი და  ამ იმედით  ტარიელ მკლავაძედ ქცეული  სპირიდონ მცირიშვილის გარეგნობის ადამიანები. 
 
  თუმცა რას შეიძლება ველოდეთ დღევანდელ სხდომაზე, ძნელად სავარაუდო არ არის:  უბრძანებენ ზევიდან? – დაგმობენ, უბრძანებენ ზევიდან?- გასამართლებელ სიტყვებს ილუღლუღებენ. 
 
ლაშა გოგია და ზუგდიდის საკრებულო რა პრობლემაა, როცა მთელ ქვეყანას ოლიგარქი ჯირყვნის… ათი ათასი დოლარი ( ამ კონკრეტულ შემთხვევაში), რომელიც, ვინ მოთვლის, რამდენ ფიგურანტზე  უნდა გადანაწილებულიყო,   რა ბედენაა, როცა ოლიგარქი  ამ ჯირყვნით მილიონებს აგროვებს მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის…
 
 
წინა სტატია“ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ “კანაფის დედოფალი” – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატიაშევარდნაძის დროიდან მობრუნებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ კახა რუსიამ ქრთამი მოსთხოვა სენაკელ მშრომელ კაცს,რათა მისი კუთვნილი ქონება არ წაერთმია.[Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური