შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქცია-პერფორმანსს გეგმავენ. ისინი განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოსთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი პირველკურსელებს წელს ვეღარ მიიღებს.
„ჩვენ გავივლით ყველა სამართლებრივ პროცედურას, როგორც პრემიერმა მოგვიწოდა. მივმართავთ სააპელაციო საბჭოს აპელაციით და არც კი ვუშვებთ, რომ შესაძლოა უარყოფითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
თუმცა მიიღებენ თუ არა ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, ეს აქციები იქნება ფართომასშტაბიანი“-ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო წულაძე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. მან ტვიტერის ქსელში უნივერსიტეტს და სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ხელი მოაწერეთ პეტიციას და არ მისცეთ უფლება ერდოღანს საქართველოში კანონის უზენაესობა შეასუსტოს"- წერს რებეკა ჰარმსი.
ანკარის შესაძლო ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას "Freedom House"-ის სპეციალური კვლევების დირექტორი ნეით შენკანი, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებს ასევე ტვიტერის ქსელში ეხმაურება და წერს :
"ამასობაში, საქართველომ მკაცრი შეზღუდვები დაუწესა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სავარაუდოდ თურქეთის მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო"..