მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური ანგარიშსწორება ფარმან ჯეირანლისთან გრძელდება

პოლიტიკური ანგარიშსწორება ფარმან ჯეირანლისთან გრძელდება

Published on

კლინიკა „ლანცეტის" დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ფარმან ჯეირანლი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფარმან ჯეირანლის ადვოკატების თქმით, მსჯავრდებული პირი ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე იხდიდა სასჯელს, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია რატომ გადაიყვანეს უფრო მკაცრი ტიპის დაწესებულებაში. 
 
ფარმან ჯეირანლის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა.
 
„იურისტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ყველანაირი ნორმის დაცვის გარეშე, 15 აგვისტოს, რუსთავის მე- 16 დაწესებულებიდან გლდანის მე-8 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ის კლასიკური პოლიტიკური დევნილია", – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა.
 
ადვოკატების თქმით, ფარმან ჯეირანლის აზერბაიჯანში ექსტრადირების პროცედურებს არ ელოდებიან, რადგანაც მსჯავრდებულს ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, ასევე, ფაქტი, რის გამოც ის სასჯელს იხდის, საქართველოში არის მომხდარი.
 
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გამოძიება პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა. ჯეირანლი წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში, თაღლითობის ბრალდებაში (სსკ-ის 180-ე მუხლი) ცნეს დამნაშავედ.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას გულისხმობს, მოსამართლემ ბრალდებული აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა.
 
ფარმან ჯეირანლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფარმან ჯეირანლის საქმეს ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
 
,,მე, ფარმან ჯეირანლიმ ზუსტად ვიცი ვისი ორგანიზებით მოხდა ჩემი დაკავებაც და აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემა.
ისტორიულად საქართველო, მათ შორის თბილისი იყო ამიერკავკასიის რეგიონის კულტურის ცენტრი. პოლიტიკური დევნილების ლიდერების თავშესაფარი, მათ შორის თბილისში. საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა მეზობელი სახელმწიფოსგან ჩამოსულ სტუმრებს მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მათი პოლიტიკური დამოკიდებულების მიუხედავად არა თუ ალმაცერად უყურებდა მათ, არამედ ყოველთვის უქმნიდა მათ კარგ პირობებს, როგორც საცხოვრებლად, ასევე სამსახურში დასაქმების კუთხით. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ქართულ მხარეს როდესმე სხვა მხარისთვის მიეყიდოს ან გადაეცეს ოპოზიციურად განწყობილი სტუმარი თავიანთი ქვეყნისთვის. ეს გამომდინარეობდა ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობიდან და მენტალიტეტიდან. ეს კავკასიელი კაცის თვისებები იყო. სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენ გავხდით ჩვენი წინაპრების ტრადიციების დამრღვევი.
 
მე, ჩემს ქვეყანაში თავს ვთვლი აზერბაიჯანის რეჟიმის დიქტატორის, ილჰამ ალიევის პირად მძევლად. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ჩემს დაკავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარკვეულმა პირთა ჯგუფმა, რომლებმაც თავიანთი პირადი ეგოისტური ინტერესების სანაცვლოდ გაყიდეს თავიანთი მოქალაქე. ეს ჯგუფი არის საქართველოს მთავრობის და მთლიანად საქარველოსთვის ძალიან სახიფათო.
 
მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინც ხელმძღვანელობს აღნიშნულ ჯგუფს საქართველოში და ვინ ხელმძღვანელობს აზერბაიჯანულ ჯგუფს, არამარტო ჩემს საქმეს, არამედ აფგან მუხთარლის და სხვების საქმეს.  ეს ჯგუფი იქცა ილჰამ ალიევის მარიონეტებად. ეს კი მთლიანობაში ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე. ერთ დიქტატორს უნდა, რომ აფგან მუხთარლი, ტომარაჩამოცმული, აზერბაიჯანს ჩააბაროს და ფარმან ჯეირანლი ციხეში ჩასვას. მეორე დიქტატორს უნდა მუსტაფა ჩაბუქი გადასცენ თურქეთის რესპუბლიკას. მსგავსი მოვლენები დღემდე არც ერთ ევროპულ სახლემწიფოში არ მომხდარა საითკენაც ჩვენ ვისწრაფით. .''- აცხადებდა ციხიდან  2017 წელს გამოგზავნილ წერილში ფარმან ჯეირანლი, რომელიც დღესაც კატეგრიულად არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...