ხელისუფლება აბიტურიენტების ნერვებზე თამაშობს

0
408
ხელისუფლება აბიტურიენტების ნერვებზე თამაშობს. ყოველ შემთხვევაში სირაქლემას პოზას იჭერს და არ რეაგირებს სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ათი ათასობით აბიტურიენტის მოლოდინზე, როდის გამოქვეყნდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სიები და მათ მიერ მიღებული გრანტების  მაჩვენებლები.   
 
ეს არც არის გასაკვირი, რადგან, ხალხისაგან განსხვავებით, ხელისუფლებას ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი ყავს და დიდად არ აღელვებს გრანტების გარკვევის საკითხი, თუნდაც  მათი შვილები არა უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში, არამედ საქართველოში გეგმავდნენ სწავლის გაგრძელებას. რა არის მათთვის ის თანხა, რომელიც ჩვეულებრივი ოჯახისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და საბედისწეროც კი, რადგან ბევრია აბიტურიენტი, რომლის  შემდგომი სწავლა სწორედ ამ გრანტებზეა დამოკიდებული და  სწავლის ქირის გადახდა  მთელი მოცულობით მათ შესაძლებლობებს აღემატება.
 
დღეს აბიტურიენტების წინაშე უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი დადასტურება მივიღეთ გადაწყვეტილებით, რომლის თანახამად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით შეეზღუდა სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება.  
 
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა,  სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.  
 
"არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი",-განაცხადა მან.
 
თამარ სანიკიძეს ალბათ მოეხსენება, რომ აბიტურიენტი კონკრეტულ სასწავლებელს ირჩევს არა უბრალოდ იმიტომ,  რომ სწავლა მაინცდამაინც კონკრეტულ მისამართზე და კონკრეტულ შენობაში  ეხალისება, არამედ მისი სამომავლო მიზნებიდან და, რაც მთავარია, ცხოვრების პირობების კარნახით.  თუ წარმოუდგენიათ ,, იქ, მაღლა'' რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდენ ისინი დღეს,  ასე მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ? 
 
სავსებით ლეგიტიმურია კითხვა, რატომ გაკეთდა ეს ახლა და არა მანამ, სანამ აბიტურიენტები ამ სასაწავლებელში მოსახვედრად ჩააბარებდნენ მისაღებ გამოცდებს? ამაზე პასუხი არ არის. არადა მთავარი საკითხი სწორედ ეს არის – რატომ ხდება ახალგაზრდების ინტერესების იგნორირება და რატომ ადგება კიდევ ერთი დარტყმა დაძაბული გამოცდების შემდეგ ჩვენს შვილებს?  
 
მით უფრო რომ კითხვას აღძრავს ამ გადაწყვეტილების გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტაცია. 
 
გადაწყვეტილების თანახმად,  სასწავლებელს მიღება შეეზღუდა იმის გამო, რომ ავტორიზაციის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და დავალიანებაც  აქვს. 
 
IBSU-ში აცხადებენ, უნივერსიტეტი სტანდარტებს აკმაყოფილებს და  ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო – სასწავლო პროცესთან არანაირ კავშირში არ არის ის, რომ უნივერსიტეტს დავალიანება გააჩნია, რომლის გადახდაზეც სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში უარს არ ამბობენ. 

 
"ავტორიზაცია მოგვენიჭა საკმაოდ წარმატებულად, ვინაიდან ჩვენ ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ეს არაერთხელ აღნიშნა ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ ჩვენთან. ჩვენ ვთვლით, რომ ერთი წლით სტუდენტების მიღების შეზღუდვა იყო უსამართლო გადაწყვეტილება და ალოგიკური.უნივერსიტეტ ს 2013 (!)  წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა, რის გამოც  მისი  ქონება დაყადაღდა, მაგრამ 2013 წლის საგადასახადო დავალიანება არანაირ კავშირში არ არის სასწავლო პროცესთან. პროცესი კვლავ მიმდინარეობს, ველოდებით გადაწყვეტილებას და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, თუ სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ დაგვეკისრება რაიმე თანხის გადახდა, გადავიხდით. ამის მზაობა არის. გარდა ამისა, ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტს ყადაღა მოეხსნას. შესაბამისად, პროცესი დარჩა სასამართლოში, ბოლო ეტაპზეა და იქ გადაწყდება ჯარიმა საერთოდ მოეხსნება თუ რაიმე დაგვეკისრება",- აცხადებს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დიანა  მჭედლიშვილი.. 
 
უნივერისტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს. 
 
რაც შეეხება ხალხს, მთელმა საქართველომ იცის,  რატომ ებრძვიან სინამდვილეში  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წლების მანძილზე (2002-2014 წლებში) პრორექტორიც ( ახლა უკვე ყოფილი)  გიული ალასანიაა. და  მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმულირებას ახდენს ხელისუფლება  ამ გადაწყვეტილებაში – ყველა გზა რომში, უფრო სწორად… ამსტერდამში მიდის, მაგრამ გზები ამსტერდამიდან საქართველოსკენაც მოდის. 
 
 
 
 
წინა სტატიაზუგდიდი იმ ექვს მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები გამოიკვეთა
შემდეგი სტატიაშსს აღიარებს: რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური