შსს „ცირკს და მასკარადს დგამს“- ადვოკატ ანი კეკენაძის განცხადებით, გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა

0
443
შსს- ში აცხადებენ, რომ  გენერალ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი გიორგი ჭანტურია
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში მომხდარი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნა.- ნთქვამია განცხადებაში –  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული გ.ჭ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
 
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანი კეკენაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და შსს „ცირკს და მასკარადს დგამს“. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან განუცხადა, სადაც საქმის მასალების გადასაცემად მივიდა. როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალები არ გადასცეს და ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ საქმის მასალების ასლები ჯერჯერობით არ არის გადაღებული. 
 
„ეს არის ცირკი და მასკარადი, რომელიც დადგმულია მრავალი თვის განმავლობაში და ემზადებოდნენ მოეყვანათ სისრულეში. როგორ შეიძლება სერიოზული განცხადება გავაკეთო და პასუხი გავცე მათ ბრიფინგს, როდესაც არც ერთი მტკიცებულება ამ დრომდე არ აქვს გადმოცემული დაცვის მხარეს. ისინი გამოდიან ტელევიზიის საშუალებით და საზოგადოებას ეჭორავებიან. ის ვალდებულება კი, რაც მათ პირდაპირ გააჩნიათ – გადმოგვცენ მტკიცებულებები, ჯერ კიდევ არ შესრულებულა.
 
შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ განცხადებას იმ საკითხებზე, რაც არ წამიკითხავს. მხოლოდ ტყუილები მოვისმინე, რომელიც ადრეც არაერთხელ მომისმენია. მაშინ როცა გიორგი ჭანტურია იმყოფებოდა რუსთავში, შსს მინისტრი გამოდიოდა და საზოგადოებას უყვებოდა, თითქოს ჭანტურიამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და მიიმალა. მათ ტყუილებზე მე პასუხს არ გავცემ", – განაცხადა ადვოკატმა.
 
რაც შეეხება ჭანტურიას სახლის ჩხრეკას, ადვოკატის ინფორმაციით, 
სახლის ჩხრეკის განჩინება არ არსებობს, ხოლო დაკავების განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
 
„გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს, 22:00 საათაზე დააკავეს. ის გადმოიყვანეს რუსთავის სამხარეო პოლიციაში. ვცდილობდი მასთან შეხვედრას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და მასთან გასაუბრებას, რისი საშუალებაც არ მომეცა. ამის შემდეგ კი ისინი წავიდნენ ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისთვის. ამასთან დაკავშირებით კი სასამართლოს განჩინება არ არსებობს, რომ მათ ჰქონდათ უფლება სახლი მესამედ გაეჩხრიკათ. ეს არის კარგად ორგანიებული გადაწყვეტილება, რაც სისრულეში გუშინ მოიყვანეს. სარდაფის, საიდანაც იარაღი ამოიღეს, კარი არ იკეტება. შესაბამისად, მარტივია იქ შეღწევა", – განაცხადა კეკენაძემ.
 
 
 

წინა სტატიაესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს
შემდეგი სტატია“პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?” – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური