,, რამდენადაც გაგწირეს, იმდენად უფრო ამაღლდი… ნახვამდის, ჩემო პრეზიდენტო, ჩვენ სადმე სივრცეში შევხვდებით ერთმანეთს… ”

0
585
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
 
პრეზიდენტი ბევრია და კიდევ უფრო მეტი იქნება, მაგრამ ზვიად გამსახურდია  პრეზიდენტზე მეტია და სანამ მთელი  საქართველო  არ იგრძნობს ამას, სანამ არ ისწავლის, რომ არ შეიძლება დევნო ადამიანი გინდ პრეზიდენტობისთვის, გინდ ნიჭიერებისთვის, გინდ თავგანწირვისთვის, გინდ ამ ყველაფრისთვის ერთად (რაც დღესაც მეორდება!)     ამ ქვეყნის საშველი არ იქნება. 
 
 ,,ოდიში ნიუსი'' გთავაზობთ  ზვიად გამსახურდიას ბავშვობისდროინდელ იშვიათ ფოტოს 
 
 
და ქვე:  საბჭოთა ხლისუფლებისა და ნომენკლატურული ინტელიგენციის მიერ დევნილი და ამიტომ ბევრისთვის დღემდე უცნობი დიდი პოეტის აპოლონ ადონიას ესსე, რომელიც პირველად პოეტმა ზაალ ჯალაღონიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში –    
 
  
აპოლონ ადონია
 
ზვიად გამსახურდიას
 
 
მე ეს სურათი გუშინ ვნახე, გაზეთში იყო დაბეჭდილი. ამოვჭერი და შევინახე, შევინახავ სამუდამოდ…
დილით, როდესაც გამომეღვიძა, პირველი, რაც მომინდა, ეს იყო გულის გამომლევი, აუტანელი სურვილი: ისევ დამეხედა ამ სურათზე, ერთხელ კიდევ შემევლო თვალი, მენახა… ამ სურვილმა გამანადგურა.
 
ჯერ თავად სურათს აღვწერ, მერე განვმარტავ იმას, თუ რატომ გამანადგურა…
ტყე. ნაძვნარი. სამეგრელოს მთის სოფლებში სადღაც მინახავს ასეთი ფერდობს შეფენილი მეჩხერი ნაძვნარი; ბავშვობისას, სიყმაწვილისას ხშირად დავდიოდი ამ სოფლებში და მინახავს… თითქოს ის ნაძვიც მინახავს, რომლის გვერდითაც დგახარ. შენი მხრების სიმაღლეზე ოდნავ გადახრილია ეს ხე, მარჯვენა ხელი იდაყვიანად დაგიყრდნია მასზე; ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც გადამრუდება იწყება… შენი სამშობლოც, შენი ერიც, ხომ გადამრუდდა?! ხომ გადაამრუდეს?! ხომ გაანადგურეს?!
გაშლილი ხელისგული ისე თბილად გიდევს ამ მრუდზე, თითქოს მორჩენას უპირებ მის წყლულებს, თითქოს ამ ნამრუდის გამართვა გინდა.
 
ხე მაინც კივის თავის სატკივარზე, კივის შენი სამშობლოც. შენი ერიც კივის. კივის შენი სულიც… მაგრამ ამწუთებში უხმოა ეს კივილი.
 
უხმოა შენი სამშობლოს კივილი, უხმოა შენი ერის კივილი. უხმოა შენი კივილიც…
 
ამ წუთებში ეს კივილი ხედვით შესაცნობია, სმენით კი არა. ეს გარინდების კივილია. საბედისწეროდ გარინდულა ცაც და ხმელეთიც, შენი გულის ხმას უსმენს თითქოს ორივე: ცაცა და მიწაც… სადღაც ახლოა ის საბედისწერო წუთიც… გიახლოვდებიან უკვე…
ჩაქრა ფეიერვერკები. გათავდა საზიზღარი წარმოდგენა. ყველა მიიმალა, მიიჩქმალა ყველა, არავინ არ ჩანს.
კომუნისტურ ტვინს სხვა რა შეუძლია?!
 
მახსენდება დიდებული მერი უოლსტონკრაფტ შელი; ფრანკენშტაინი ეუბნება მონსტრს: შენ შეიძლება კაცთა შორის ყველაზე უფრო უბედური გამხადო, მაგრამ იმას ვერ მოესწრები, ჩემს საკუთარ თვალში რომ დამამცირო!
 
გაიქცნენ და გაიპარნენ კომუნისტების მიერ, "საკუთარ თვალში დამცირებულნი", მოგზავნილები, მალვით მავნებლები, ერთგულების შემომფიცველნი. ,,გეთსემანიის ბაღში მაცხოვარი ხედავდა, რომ ყველა მის მომხრეს ეძინა, ხოლო ყველა მისი მოწინააღმდეგე ფხიზლობდა" ამბობს პასკალი. მე შენ მაცხოვარს არ გადარებ, არ ვაჭარბებ… ამ სურათიდან აშკარად იგრძნობა, რომ ყველა შენი ნამდვილი მომხრე შორსაა შენგან, ყველა შენი ცრუ მომხრე და მოწინააღმდეგე გიახლოვდება… მაგრამ შენ საკუთარ თვალში ვერ დაგამცირებენ… რამდენადაც გაგწირეს, იმდენად უფრო ამაღლდი, იმდენად განათლდი, გასაკვირველდი… ნახვამდის, ჩემო პრეზიდენტო! ჩვენ სადმე სივრცეში ისევ შევხვდებით ერთმანეთს…''
 
როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, ,,დიდები გადასძახებენ ხოლმე ერთმანეთს პაროლებს''.  ისინი ალბათ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ,,სადღაც დიდ სივრცეში'', მაგრამ როდის შევხვდებით  ჩვენ ნამდვილ ზვიად გამსახურდიას, რომელიც სუბსტანციად აკრავს  ნამდვილ საქართველოს და უცნობია მათთვისაც კი, ვისაც მის მომხრედ მოაქვს თავი ან, კიდევ უარესი, ვინც მისი ,,მომხრეობით'' სპეკულირებს, რომ თავი დაიმკვიდროს  ამ ,,იწრო სოფელში'' – პატარა პოლიტიკურ სივრცეში,  თუმცა კი დაღმა ფარცხავს ზვიად გამსახურდიას იდეალებს. საკითხავი ეს არის. 
წინა სტატიაემანდ ფეხი არ წაიმტვრიოს ვინმემ დადიანების სექვოიისგან გამოთლილ ობოხუაზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი: როგორც კი ბევრი ადამიანი შეიკრიბება, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური