გიორგი მარგველაშვილი: ,, სანამ არ ვიქნებით საკმარისად გაბედულნი დავინახოთ მთლიანი სურათი, ვკარგავთ რუსული პოლიტიკის ზოგად გაგებას”

0
406
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მიემგზავრება.
 
ვიზიტის  დაწყებამდე იგი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ბრიუსელში შეხვდა. 
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  გუშინ გამართულ ამ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ მხრივ მხარეებმა ნატოს-ს მომდევნო სამიტი განიხილეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 
 
 მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 
 
როგორც დისკუსიისას პრეზიდენტმა განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაა ჩართული, თუმცა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს. 
 
აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება.
 
ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული, არამხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  „სანამ შევეცდებით საკითხის დანაწევრებას რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებად და რუსეთ-მოლდოვას პრობლემებად და სანამ არ ვიქნებით საკმარისად გაბედულნი, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი, ვფიქრობ, რომ ვკარგავთ რუსული პოლიტიკის ზოგად გაგებას. 
 

თუკი ჩვენ იმას მივიღებთ, თუ დავიჯერებთ იმას, რასაც რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ და გულწრფელნი არიან, მაშინ ჩვენ არ უნდა დავანაწევროთ უკრაინის, საქართველოს, თუ მოლდოვას პოლიტიკა, არამედ უნდა გავაერთიანოთ ერთობლივი პოლიტიკათუ გაბედულნი ვიქნებით რუსეთის პოლიტიკის წინაშე და არ დავანაწევრებთ მას ცალკეულ შემთხვევებად და თუკი ჩვენ თამამად დავიცავთ საკუთარ ღირებულებებს, ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო რეალისტური დამოკიდებულებით ვილაპარაკებთ, რომელიც მე მჯერა, რომ მშვიდობის მომტანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, არამედ სტაბილურობის მომტანი იქნება რუსეთისთვისაც”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 

წინა სტატიაბათუმში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა
შემდეგი სტატიაახალგორიდან გათავისუფლებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში დაკითხეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური