მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პოზიცია „კორუფციის აღქმის ინდექსში“ გაუარესდა

საქართველოს პოზიცია „კორუფციის აღქმის ინდექსში“ გაუარესდა

Published on

 “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2017 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.
 
“ეს ნიშნავს, რომ წლევანდელი შედეგების მიხედვით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში  წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესდა. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად ასეთი კლება  უმნიშვნელოდ მიიჩნევა, ამასთან საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში, მაგრამ  საყურადღებო ის არის, რომ მდგომარეობა არც უკეთესობისკენ იცვლება. ამდენად,  საქართველოს შედეგი რეფორმების დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

 
როგორც ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევები ძირითადად მმართველობის მაღალ დონეზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ეფექტური სისტემის არარსებობის შედეგია. ამ მხრივ, აღსანიშნავია, პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო ხელისუფლების არაეფექტურობა და სამართალდამცავი/საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. 
 
ამავდროულად, მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე უკანასკნელ წლებში პასუხგაუცემელი კითხვები მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მზადყოფნას ეჭვქეშ აყენებს. 
 
აღსანიშნავია, ასევე, დამოუკიდებელი სააგენტოების (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შესყიდვების სააგენტო და სხვა) როლის გაძლიერების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მსგავსად, სხვა ისეთი სამსახურების ეფექტურობაც გაიზარდოს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს ახორციელებენ. 
 
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები. გაუმართავი კანონმდებლობა, არაჯეროვანი გავლენა სისტემის შიგნიდან თუ გარედან, სისტემის ჩაკეტილობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და არაეფექტური მენეჯმენტი სასამართლოს სისტემაში პირდაპირ საფრთხეებს წარმოქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით და მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 
 
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ .“არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესის გასაგრძელებლად აუცილებლად მიგვაჩნია: სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერება; სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის ყველა ფორმის (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისა და გამოძიებისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება; თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირება; საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაზე არაჯეროვანი პოლიტიკური თუ კომერციული გავლენის გამორიცხვა. ასევე, დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება; ანტიკორუფციულ ძალისხმევაში კერძო სექტორის ეფექტური ჩართვა“.
 
 
 

სიახლეები

9 დემონსტრანტის საქმე – მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს...

მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება - კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის...

“მთავარი არხის” ოპერატორს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან-პროცესი დღეს გაიმართება

"მთავარი არხის" ოპერატორის სასამართლო პროცესი საქალაქოში დღეს გაიმართება - სერგი ბარამიძეს დაუმორჩილებლობას და წვრილმან...

აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოებამ ცოტაც უნდა...