ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს – მკვლელობის საქმეში ქარვის ბიზნესი ამოტივტივდა

0
605
დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დოდო გუგეშაშვილი დღეს შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით მიიყვანეს.
გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მიუხედავად ამისა პანაშვიდის მსვლელობისას იგი  რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა.  ამის ადგილი არ იყო და გუგეშაშვილს, რა თქმა უნდა,  არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ თქვა, რომ ,,არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის“ . შვილის დაკრძალვის შემდეგ, დოდო გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.
 
დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც    საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან  კომენტარი მას არ გაუკეთებია. 
 
„ჩვენ ძმები ვართ, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ, გულით, სისხლით და ხორცით. მალხაზი საქართველოს პატრიოტია, ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს, როდესაც ხედავდნენ, რომ დღე და ღამე საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის გამო. ეს მაგარი კაცია, კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საქართველოს ის ნაწილი და ხვალაც და ზეგაც დაიჭერენ და მტერს არ შემოახედებენ საქართველოში“, – განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას. 
 
რაც შეეხება ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის სხვა ვერსიებს, ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით დაუკავშირდა დოდო გუგეშაშვილს, თთუმცა ვინ იყო ეს პირი, ჯერჯერობით დაუდგენელია, – ამის შესახებ ვეტერანთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
 
მისი თქმით, ეს პირი დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი და ამგვარად მოიპოვა დოდო გუგეშაშვილის ნდობა. 
 
„ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით მოახერხა და დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა. როგორც ვიცით, ეს პირი სთხოვდა დოდო გუგეშაშვილს, რათა დახმარებოდა და დიდი ოდენობით შეძენილი ქარვა უსაფრთხოდ მიეტანა აეროპორტამდე. ისიც ვიცით, რომ დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი. იმედი გვაქვს, რომ როდესაც დოდო გუგეშაშვილი მდგომარეობიდან გამოვა, შეძლებს და გაიხსენებს რაიმე მნიშვნელოვან დეტალს, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი იქნება“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. 
 
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წინა სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი: ,,ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება”
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია კიევში სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური