საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება.
„სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უღირსად გადაკიდებული ქართული ხელისუფლება კი, რომელსაც მისი დანახვა საქართელოში ნამდვილად არ აწყობს, ცდილობს რაღაც ამორფული განცხადებები აკეთოს, რათა მუნდირის ღირსება დაიცვას, მაგრამ კი ისე, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საქმის უიმედობა შენიღბოს:
,,საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილი იმ დასაბუთებით, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
კითხვაზე, მოიხოვს თუ არა საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას, გია ვოლსკი აცხადებს, რომ "რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა".
რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად მოხდება მისი ექსტრადირება, გია ვოლსკის განცხადებით, მოლოდინებზე ლაპარაკი ვითარების შესაბამისი არ არის.
"მოლოდინი შეიძლება გქონდეს განხილვის, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ დაველოდოთ", – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება სხვა პოზიციებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართულ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა იყო ივანიშვილის და ”ქართული ოცნების” მხრიდან ფარსი და ხალხის მოტყუება.
”ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული სააკაშვილისაც კი ეშინია. თავიდანვე ცხადი იყო, ის საქმეები, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სრულიად ნათლად აჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის არც დაპატიმრება უნდოდა და არც საქართველოში მისი დაბრუნება. ექსტრადირების მოთხოვნა რეალური რომ ყოფილიყო, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სხვა სახეს მიიღებდა. მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უნდა აღეძრათ საქმე. ეს არ გააკეთეს. დაგვცინეს და საქმეები აღძრეს სააკაშვილის „პალტოებთან“ და პიჯაკებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებზე კი პრეზიდენტებს არ გადმოსცემენ. ჩვენს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თუ კი სააკაშვილის ექსტრადირება მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა სერიოზული პოლიტიკური პრობლემებს. იმდენი კი ესმით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების თავი არ აქვთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს და სამწუხაროდ, სრულიად საქართველოს ყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.