ელენე ახვლედიანის ოჯახს საცხოვრებელი ბინის დასატოვებლად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ერთთვიანი ვადა მისცა. ვაკეში კავსაძის ქუჩაზე მდებარე ოთხოთახიან სახლში დღეს ახვლედიანის შთამომავლების გამოსახლების მიზნით აღმასრულებელი პოლიცია იყო მისული.
კრედიტორებსა და ოჯახს შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვედრა გაიმართა. კრედიტორის თანხმობის საფუძველზე გადაწყდა, რომ ახვლედიანებმა სახლი ერთ თვეში უნდა დაცალონ.
საქართველოს სახალხო მხატვრის შთამომავლის სახლი აუქციონის წესით 5000 ლარად მევახშისთვის გადაუხდელი ვალის გამო გაიყიდა. ცნობილია, რომ სახლის დატოვების გაფრთხილება ოჯახმა რამდენჯერმე მიიღო, თუმცა მათივე თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.
კრედიტორებმა ოჯახს თანხა კონკრეტული ქონების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ასესხეს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ერთ თვეში სახლი გაიყიდება და ვალის გადახდას შეძლებენ. გაყიდვის უფლება კი თავად კრედიტორისგან აქვთ.