ზურაბ ცხონდია, კაცი – 77

0
481
77 – ეს ორმაგი საკრალური რიცხვი დღეს ზურაბ ცხონდიას ცხოვრებასა და სიკვდილს დაეწყვილა მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ლიტერატურული ზუგდიდისათვის. შვიდი ბევრის  სიმბოლოა ციფრების მაგიასა და ლიტერატურულ სახისმეტყველებაში,   მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რიცხვი არა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ მის დანატოვარს უფრო მიესადაგება. 
 
ამ თარიღს იგი ახლა სხვა განზომილებაში ხვდება, ეს რომ არა, დაბადების დღის მილოცვებს ისე რბილად გადაიტანდა  სხვა სიბრტყეზე, როგორც ჩვეოდა, და  ერთ წუთში დაახვავებდა ამ ციფრთან დაკავშირებულ ცოდნას დაწყებული წარმართული და და ბიბლიური აზროვნებიდან, შუმერებიდან, პითაგორადან, ძველ მეგრული შქვითულიდან,  დამთავრებული დემითოლოგიზებული ლიტერატურით, სადაც ციფრების მაგია გაშარჟებულია  ან თიხისფეხება გოლიათთან ბრძოლის  იდეასთან  დაკავშირებული.
 
სიტყვამ მოიტანა და  ზურაბ ცხონდია იმ თვალსაზრისითაც ძალიან აკლია დღევანდელ ზუგდიდს, რომლის ლიტერატურულ ცხოვრებაში, კერძოდ,   ალმანახ ,,ებგურის’’  რამდენიმე პუბლიკაციის გარშემო ისეთი  კამათი აგორდა, თითქოს დემითოლოგიზაცია, დეჰეროიზაცია და საზოგადოდ ავანგარდისტული (ეპატაჟური და სკაბრეზული) მიმდინარეობა   ახალი მოვლენა იყოს.   იგი, როგორც ლიტერატურულ პროცესებში ღრმად ჩახედული ადამიანი,  თავის ადგილზე მოსვამდა ყველას, ვინც ჭიქა წყალში ქარიშხალს ტეხს და  ამ უსაგნო, დრომოჭმულ  დისკუსიაში ნებსით თუ უნებლიედ  ფაქტობრივად პროკრუსტეს სარეცელზე აწვენს შემოქმედს ( მნიშვნელობა არა აქვს მის შესაძლებლობებს)   და ცენზურისა და თვითცენზურის მხარეზე დგება. 
 
ზურაბ ცხონდიას ამ უკანასკნელის მანკიერება და შემოქმედისთვის ფრთების დამჭრელი თვისება  ( ათე ცენზურაო, ბოშ,  ჩიტცალო  გოპუტორუნს დო სუას ქალაჭკირანს კოს) თავის თავზეც ჰქონდა გამოცდილი და  მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა ურჩ შემოქმედთა განსაკუთრებით,   ახალგაზრდების ,,მკურნალობას’’ საბჭოური კრიტიკის მიერ გამოწერილი რეცეპტებით. უფრო მეტიც, ის ყოველთვის განსხვავებულად კითხულობდა ამგვარ  კრიტიკოსთა მიერ დახარისხებულ და ცენზურის მოთხოვნებში ჩასმულ კლასიკურ ლიტერატურას, სადაც, მაგალითად, ჰაკი აძბა მონა იყო,  კონსტანტინე სავარსამიძე და ტაია შელია ,,არასწორი აზროვნების’’ ნიმუში. მასთან ყოველი გასაუბრება ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე იყო ფეიერვერკი, რომელიც, თითქოს ბავშვურ, მაგრამ სინამდვილეში  პირველაღმოჩენის, ძველის ახლებურად დანახვის სიხარულს გვრიდა მსმენელს. 
 
იგი, არტისტი ლიტერატურულ კრიტიკაში და პირუთვნელი  კრიტიკოსი არტისტულ ხელოვნებაში, ამსხვრევდა სტერეოტიპებს, რომელიც პროვინციული ცხოვრების საბჭოურ გაგებაში დომინირებდა და დღემდე ვერ დაგვიძლევია, იგი მაღლა ექაჩებოდა ზუგდიდს, ან თუ  გნებავთ,  წინ –   წარსულში   დარჩენილი ევროპული აზროვნებისკენ, რომელთანაც ძველ ზუგდიდს  საბჭოთა, იმპერიული მაკრატლით გადაუჭრეს ჭიპლარი და დღემდე უჭირს  დაუბრუნდეს ევროპას და საკუტარ თავს. 
 
 რაფინირებული ინტელიგენტი, სიახლის მიმღებლობის უნარით გამორჩეული კაცი ფსევდოკონსერვატორულ საზოგადოებაში. – ეს არის მისი 77 , რომელსაც აქვს და არცა აქვს კავშირი მისი დაბადების დღესთან,   რომელსაც მის გარეშე პირველად ხვდება მისი საყვარელი ქალაქი. ზურაბ ცხონდია  დაბადების  მეასე წელსაც ისე შეხვდება, როგორც კაცი – 77, ბევრის შემცნობი,  ბევრის გამკეთებელი და ბევრი ტკივილისა და სიხარულის განმცდელი.
.
წინა სტატიარატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს – პანკისის უხუცესები ხელისუფლებისგან ხეობის საზოგადოების აზრის გათვალისწინებას და გამოძიების ობიექტურ ჩატარებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური