კიბე ცაში და ,,ლეოგრანდის” მფლობელის არადელიკატური განცხადება

0
417
 
არსებობდა თუ არა  სახანძრო კიბე, რომელსაც სამშვიდობოს უნდა გაეყვანა სასტუმროს ბინადრები, მაგრამ ამის სანაცვლოდ ცაში აიყვანა  ,,ლეოგრანდში'' დაღუპულთა სულები ? ვინ აგებს პასუხს მომხდარისათვის?
 
დღეს ,,ლეოგრანდში'' დაღუპული შესანიშნავი ახალგაზრდების ხსოვნისადმი პატივის მიგების დღეა. 
იმ საბედისწერო დღიდან განვლილი დრო თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის გასარკვევად, რამ გამოიწვია ხანძარი და რამ გააართუა მობინადრეთა ევაკუაცია, მაგრამ პასუხები ჯერაც ვერ მოიძებნა და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაცული  სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
 
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, შენობებში  ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს. ეს  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
"2017 წლის 1 იანვრიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება სავალდებულო გახდა, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს. სწორად უნდა გავმიჯნოთ შემოწმების უფლებამოსილება ვის გააჩნია. ამ შემთხვევაში არც მერიას და არც ტურიზმის დეპარტამენტს არ გააჩნია უფლებამოსილება შეამოწმოს სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული პრეროგატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებს აქვს",- აცხადებს ლაშა კომახიძე. 
 
სასტუმრო „ლეოგრანდის“ თურქი მფლობელის, ბიზნესმენ ეროლ ავგერენი კი, არც მეტი არც ნაკლები, თითს დაღუპულერბისა და დაზარალებულებისკენ იშვერს და  ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას.
მისი თქმით, ხანძრის დროს გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ავგერენმა სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადა.
„ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს 13 სართულის ნომრები გავსებული იყო. ყველა დაღუპული C დონეზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის მომენტში ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა“, – განაცხადა ავგერენმა.
 
მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მედიაში ვრცელდება შემთხვევის სხვადასხვა ვერსიების, მათ შორის უსაფუძვლო ბრალდებები აფეთქებაზე.
„ხანძრის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო სიგარეტის ნამწვი ან რაიმე აალებადი ნივთიერება, რის გამოც ცეცხლი წყლის გამათბობლების სადენებს გაუჩნდა”,- განაცხადა სასტუმროს მფლობელმა. 
 
ავგერენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე სასტუმროს მთელი შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს.
 
”ბუნებრივი მიზეზებით ხანძარი ვერ მოხდებოდა. მე ქართული მართლმსაჯულების მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომხდარის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილები ლიფტში იყვნენ, მაგრამ ეს ასე არაა. ცხედრები არა ლიფტში, არამედ მის შესასვლელთან, სპას სართულზე იპოვეს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მომენტალურად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები უახლოეს ხანში წინასწარ განცხადებას გაავრცელებენ“, – განაცხადა მან.
 

მისი ეს არადელიკატური განცხადება დღეს, როცამთელი საქართველო გლოვობს,  განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია. 
წინა სტატიასაქართველოში გლოვის დღეა. დაშვებული დროშები სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სანთლები და ყვავილები ,,ლეოგრანდთან”
შემდეგი სტატიაგაიცვალა თუ არა გიორგი გიუნაშვილი აფხაზ ,,ბოევიკში”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური