აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა: ,,ქართველებს არ უნდა ჰქონდეთ ჩვენდამი ცალმხრივი სიყვარულის განცდა”

0
720
   „მე სიამოვნებით მივიღე ეს გამოწვევა, აქა ვარ და,  რაც უნდა მოხდეს, არ ვნანობ ამას, რადგან აქ უდიდესი სითბოთი და სიყვარულით დამხვდნენ. დედაჩემის შემდეგ არა მგონია, ვინმეს ისე გახარებოდა ჩემი ნახვა, როგორც ერთ ანაკლიელ ქალბატონს, ხანდაზმულ პედაგოგს, რომელიც თვალში ცრემლით მიხუტებდა და გამუდმებით იმეორებდა- „ჩქიმ აფხაზა ბოში, ქუმორთიო, ჩქიმი ბოში, ქუგორლუაფუდა, ნანა“, (ჩემო აფხაზო ბიჭო, მოხვედი,  შენ შემოგევლე, ჩემო კარგო) -ასე განაცხადა აფხაზმა პოეტმა ნიკა ბაძაღუამ, რომელიც ანაკლიაში კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალზე დასასწრებად სპეციალურად სოხუმიდან ჩამოვიდა. 
 
    ანაკლიას ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის, ადიღეს, ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდოს, ბალყარეთის ცნობილი მწერლები, ენათმეცნიერები, ეთნოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები სტუმრობდნენ. ისინი ორი დღის განმავლობაში ზოგადკავკასიური ერთობის ისტორიული ფესვებისა და კავკასიური იდეის გარშემო გაერთიანების საკითხებზე მსჯელობდნენ.  
 
   „მე ვთვლი, რომ ქართველებს არ უნდა ჰქონდეთ ცალმხრივი სიყვარულის განცდა. ადრე, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მე წავიკითხე აფხაზი პოეტის კუმფ ლომიას ლექსი, რომელიც მტკვარს ეძღვნება. იმ შეხვედრის ერთერთმა ორგანიზატორმა ყურში ჩამჩურჩულა, იქნებ სხვა პოეტი შეარჩიო, კუმფ ლომიას ხომ ქართველები არ უყვართო. ეს ასე არ არის! მე წავიკითხავ ამ ლექსის ჩემეულ თარგმანს დღესაც და, აბა ვნახოთ, თუ არ უყვარდა კუმფ ლომიას საქართველო“, – განაცხადა  ნიკა ბაძაღუამ ქართულად.
 
   ფესტივალის სტუმრობის შემდეგ აფხაზი პოეტი ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ ეწვია და  სამომავლო გეგმებზე და შთაბეჭდილებებზე ვრცლად ისაუბრა.   
 
  „ინტერნეტ სივრცე ისეთი საოცარი რამეა,  ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ამოუცნობი რამე  შენთვის იპოვო. მე ლექსებს ვაქვეყნებდი ფეისბუქგვერდზე  და  სწორედ ამის მეშვეობით ვეცნობოდი მკითხველს.  პირველი ვინც ამით დაინტერესდა, რომ ნახა აფხაზური ლექსები, ქართული ლექსები და აფხაზურიდან ქართულად ნათარგმნი და პირიქით ეს იყო ქუთაისელი პოეტი მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე. ქუთაისში მიმიწვია ძალიან და ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივიდა“, -ამბობს ნიკა ბაძაღუა.
  
  ენგურს გამოღმა პიველად მისი  ლექსები  იმერეთის ჟურნალ „მწვანე ყვავილაში“ დაიბეჭდა და როგორც თავად გვითხრა, ამის შემდეგ დაიწყო მისი  წარმატებები. რასაც მოყვა ჟურნალი „ცისკარი“ და „იალქანი“. იგი ბევრი მკითხელის ყოლას, ამ ჟურნალების დამსახურებად მიიჩნევს. 
  აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა  ასევე  რამდენიმე თვის წინ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც მის შემოქმედებას სტუდენტები და ლექტორები გაეცნენ.  
 
  „მე აფხაზურიც თვითონ შევისწავლე, ისევე როგორც ქართული, მეგრული, სვანური, ინგლისური და თურქული ენა. ჩემი აზრით, შემოქმედებითი ადამიანისთვის საზღვრები არ უნდა არსებობდეს“.  
 ახალგაზრდა  აფხაზი პოეტი მიიჩნევს, რომ  დღეს აფხაზური პოეზია მყარად დგას  იმ ადამიანის მხრებზე, რომლის სახელია მუშნი ლასურია, მეოცე საუკუნიდან 21 -ში გადმოსული ტიტანი. მისი თქმით,  ეს ის ადამიანია, რომელმაც ვეფხისტყაოსანი აფხაზურად თარგმნა.  რამდენიმე წლის  წინ ევგენი ონეგინის თარგმანისთვის პუშკინის ორდენოსანი  გახდა. 
 
  „ბევრი ალბათ გამინაწყენდება, ბევრს კი გაუხარდება, ყველასი მადლობელი ვარ, იქ რასაც ვხედავ და აქ რასაც ვხედავ იმისთვის. აქეთ, რომ გადმოვედი, ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი. ცოტა ხნის წინ რაჭაში ვიყავი და იქაური და აფხაზეთის გარემო ერთმანეთისგან ვერ გავარჩიე. გარემოც და ხალხიც და სითბო, ერთმანეთს საოცრად გავს.  აქეთ შემემთხვა ასეთი ფაქტი, გოგონა მოვიდა ჩემთან,  „ზდაროვა ძმა,  სიგარეტი ხომ არ გაქვსო“, საბედნიეროდ ასეთი რამეები ჩვენთან არ ხდება. ასევე ვნახე გოგოები,  აფხაზი დედების გაზრდილები მეგონა.  ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგი და ცუდი ყველგან არის“, – გვითხრა ნიკამ.    
 
  რაც შეეხება ქართულ  პოეზიას, აფხაზი პოეტი უპირატესობას ძველ თაობას ანიჭებს. თუმცა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველ პოეტებთან  ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდელი ნიჭიერი პოეტი ნიკა ლაშხია გახლავთ.   
   „მას შემდეგ, რაც გავიცანი ნიკა ბაძაღუა, რომელიც აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, გარდა იმისა, რომ წერს ლექსებს, ასევე თარგმის აფხაზი პოეტების  შემოქმედებას ქართულ ენაზე და ქართველი  პოეტების შემოქმედებას აფხაზურ ენაზე. ჩემთვის აფხაზეთი დაიწყო სწორედ ამ ადამიანთან სიახლოვით, რადგან მე პირადად აფხაზეთი არ მახსოვს, და ისეთ ნოსტალგიას არ იწვევს ჩემში, როგორც მაგალითად  ჩემ მშობლებში“, -ამბობს ნიკა ლაშხია.  
 
  ნიკა ლაშხიას თქმით, მათი მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა,  მომავალშიც გაგრძელდება.  იგივეს ფიქრობს აფხაზი პოეტიც და, როგორც მან გვითხრა, ლიტერატურული ღონისძიებები აფხაზეთშიც ხშირად უნდა ჩატარდეს და ენგურს გამოღმაც, რაც ქართველ და აფხაზ პოეტებს დაახლოების საშუალებას მისცემს. მისი ეს ნაბიჯი კი ამ ფაქტის ნათელი მაგალითია.   
 
ავტორი თამუნა შონია
 
წინა სტატიაინდური სერიალების ქართული ვარიანტი, სახელად ,, ცვლილებები ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში ”
შემდეგი სტატია,,ზედმეტი” კითხვა: გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისოფიციალურ გახსნაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც უხსენებია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური