28 ოქტომბერი – შორეული და ახლობელი

0
501
27 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
ეს იყო პირველი  მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნები.,  რომელშიც  ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს – გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ – თავისუფალმა საქართველომ.
 
ახლადარჩეული პარლამენტის 1990 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში ( სრულად იხ.www.nplg.gov.ge/…/library)საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნებშიი ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული და მოქალაქეობრივი შეგნება, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის., რომ ეს   დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპების გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში.
 
 
,,მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგინება!
 
ღრმად მწამს, მეგობრებო, რომ ის ერი, რომელმაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, შეძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწიფოებრიობისას!
უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ეს გამარჯვება არ არის ერთი და ორი წლის მუშაობისა და ბრძოლის შედეგი. ეს არის დაგვირგვინება იმ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებდა ჩვენი მოძრაობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან.
 
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი ერი არასოდეს შეჰგუებია მონობას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდგომ, მსოფლიოში უმკაცრესი სისხლიანი დიქტატურის პირობებშიც კი გრძელდებოდა ქართველი ერის ბრძოლა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის და დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ამ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. სამარადისო დიდება მათ სახელს!
 საქართველოს პარლამენტმა თავის უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს საქართველოში ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის რეალური და არა მოჩვენებითი განხორციელება, ქართულ ენაზე უნდა გადავიდეს საქმის წარმოება ყველა საწარმოსა და დაწესებულებაში, ხოლო ის საწარმოები, რომლებიც ვერ იგუებენ ქართულ ენას თავიანთი ე.წ. საკავშირო დაქვემდებარების გამო, უნდა გამოეყონ ამგვარ დაქვემდებარებას ან სრულად შეწყვიტონ არსებობა. ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონების პარალელურად უნდა დაჩქარდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღება, აგრეთვე კანონის შემუშავება, რომელიც ზღვარს დაუდებს უკონტროლო მიგრაციას და უცხოელთა დემოგრაფიულ ექსპანსიას საქართველოში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უგულებელვყოფთ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, რომელნიც კანონიერად მკვიდრობენ ჩვენს მიწა-წყალზე და ხელს უწყობენ ქართველი ერის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ამასთან დაკავშირებით განზრახული გვაქვს საქართველოში შევინარჩუნოთ ეროვნულ უმცირესობათა არსებული ავტონომიები, ცხადია, უფრო მყარ კონსტიტუციურ სამართლებრივ საფუძვლებზე, ქართული მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
 
ძვირფასო მეგობრებო ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე. იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს. მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.
 
 ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზა, ქრისტეს გზაა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.''
 
 
 რა გზა აირჩია შემდეგ რუსეთის მეხუთე კოლონამ საქართველოში და რით დამთავრდა  ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული ეს გამარჯვება  ვნახეთ.  ვხედავთ იმასაც, რომ მეხუთე კოლონა , თავისას არ იშლის, მხოლოდ მოქმედების ფორმებს ცვლის.  გვეყოფა თუ არა ძალა ავმაღლდეთ საკუთარ თავზე და  არ დავანებოთ ქვეყანა ჭაობს, მომავალი გვიჩვენებს. 28 ოქტომბერი და შემდგომი მოვლენები ( კარგიცა და ცუდიც)  კიდევ ერთი საბაბია იმისათვის, რომ ამაზე ვიფიქროთ  დღეს და ყოველთვის.
 

წინა სტატია„ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენეცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიახვალიდან დასავლეთ საქართველოში იწვიმებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური