უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს 65 კარავი აქვთ გაშლილი. კარვებს არ დავშლით – აცხადებს უკრაინის გენპროკურორი

0
462
წუხელ უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს.
უკრაინული გამოცემა Українські новини -ს ინფორმაციით, 15 კარავი გრუშევსკის ქუჩაზეა გაშლილი,   50 კარავი კი, კონსტიტუციის მოედნის მოპირდაპირედ. 
კარვებში ღამე ათასამდე აქტივისტმა გაათია, მობილიზებულია ორი ათასამდე პოლიციელი. 
 
კარვების ქალაქში ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. ამ დილით აქციის მონაწილეებმა საველე სამზარეულოში საუზმე მოამზადეს , ირგვლივ დანთებულია გადასატანი ღუმელები, სადაც ხალხი რიგრიგობით თბება. 
ავტომანქანების მოძრაობა გრუშევსკის ქუჩაზე ნაწილობრივ აღდგენილია. სავალი გზის ის ნაწილი, რომელზედაც კარვები დგას, შემოსაზღვრულია პოლიციის კორდონებით და შემოვლებული აქვს მეტალის კონსტრუქციის ბარიერები და ბადე, თუმცა აქციაზე მისვლის მსურველთათვის გზა ხსნილია.  
 
წუხელ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პოლიციელებმა კარვების აღება სცადეს, თუმცა  ხალხის სიმრავლემ და წინააღმდეგობამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
დღეს დილით  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ ,,უკრაინელი სამართალდამცველები კიევში აქციების ჩატარებას ხელს არ შეუშლიან და გუშინ გაშლილ კარვებს არ აიღებენ''. 
 
„სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ და მომიტინგეებს შორის მყოფი არაკანონიერი ფორმირებების წევრების მიერ იარაღის შესყიდვის ფაქტები დადგინდა. ზუსტად ამით იყო განპირობებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერება შსს-ს მიერ. ჩვენი ამოცანაა მიტინგის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კარვების დაშლას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა იური ლუცენკომ. 
 
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიტინგის ჩატარების ტერიტორიის შესასვლელთან დეტექტორებს დააყენებენ. 
 
წუხელ აქციის მონაწილეებთან მიხეილ სააკაშვილი მივიდა. ,,  ხალხი მისი  მოთხოვნების შესრულებამდე პარლამენტის შენობასთან დარჩენას გეგმავს – ამის შესახებ განცხადება მან  ტელეკომპანია „NEWS ONE”-თან ინტერვიუში გააკეთა.
 
მიხეილ სააკაშვილმა ტელეეთერში  სამართალდამცველების ქმედებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომიტინგეების რადას შენობასთან დარჩენის მთავარი მიზეზი, ხელისუფლების მიერ მათი მოტყუების შესაძლებლობაა.
 
„არსებულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ომია, მათ სამხედრო მოსამსახურეები ფრონტის ხაზიდან მოხსნეს და აქ გადმოიყვანეს. ჩვენ ვხედავთ რაში იხარჯება ფული, რამდენი სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავს ხელისუფლებას. სპეცრაზმები არავის უშველის, რადგან აქ ხალხი დგას. აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კანონს, რომელის მიღებასაც ისინი ითხოვენ, 2 დღეში დაამტკიცებენ. ხალხმა ამ ხნის განმავლობაში აქ დარჩენა გადაწყვიტა, რათა ხელისუფლებამ ის არ მოატყუოს,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

 
სეგახსენებთ, გუშინ, კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ. აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო.
 
წინა სტატიაფერადი ამბები გადაცემა 70 (Video)
შემდეგი სტატიაზუგდიდელი სპორტსმენის წარმატება ევროპის ჩემპიონატში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური