ძე ქარიშხლისა – 13 ოქტომბერი, 1989 წელი

0
578
ზვიად გამსახურდია: ,,ძე ქარიშხლისა''
 
მერაბ კოსტავას, როგორც მამულიშვილს და ეროვნულ მოღვაწეს, ქართველი ხალხის წინაშე წარდგინება არ სჭირდება. მას იცნობენ აგრეთვე, როგორც ნიჭიერ მუსიკათმცოდნეს და თეატრალურ კრიტიკოსს, მაგრამ მისი ნაცნობ–მეგობრების ვიწრო წრის კიდეგან უცნობია მისი პოეზია, მისი ლექსის გზნება და მადლი…
 
არ უყვარდა მერაბს თავისი ლექსების პოპულარიზაცია. მიტინგებზეც იშვიათად თუ წაუკითხავს საკუთარი ლექსები. „შიმშილობა“ წაიკითხა ერთხელ ნოემბრის დღეებში, მოშიმშილეთა გასამხნევებლად და „შავი ჯოჯოხეთის კუპრი“, გამოქვეყნებაზე კი ფიქრიც არ სურდა.
 
ჩვენ, თანაკბილანი, სიყრმიდანვე ვმეგობრობდით. ჯერ პირველ ვაჟთა საშუალო სკოლაში ვსწავლობდით ერთ კლასში, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში. მერაბი ჩინებული პიანისტი იყო, მშვენივრად ასრულებდა გრიგს, ბეთჰოვენს და შუბერტს. ბეთჰოვენის და ვაგნერის გმირული მუსიკა იყო იმჟამად ჩვენი სტიქია. მერაბში თითქოს ორი სული იბრძოდა. ფაუსტის მსგავსად, მუსიკის და პოეზიისა. ბოლოს პოეზიის სულმა იმძლავრა, მერაბი მუსიკას შეეშვა და პოეზიას მისცა თავი, თუმც მისი ლექსი არ გაჰყრია მუსიკას. მუსიკის ტალღათა მძლავრი პულსირება საცნაურია მის სტრიქონებში.
 
 
ამასთან ერის წყლული წყლულად გვაჩნდა და არც პოლიტიკაში ვიყავით უმოქმედონი. მამაჩემი იმთავითვე შთაგვაგონებდა ორივეს ეროვნულ იდეებს, გვათვითცნობიერებდა, თვალს გვიხელდა სინამდვილეზე. დამოუკიდებელი საქართველოს ოცნებით, რაც ბრწყინვალედ აისახა მერაბის შესანიშნავ ესსეში კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ („გამოსათხოვარი“. „ოქროს საწმისი“ 1977, # 4). იმჟამინდელი ჩვენი განწყობილებები კი აირეკლა ლექსში, რომელიც ვუძღვენი მეგობარს 15 წლის ასაკში:
 
ჩვენ ძლიერ ხშირად გვიფიქრია ძმაო ამაზე,
როდის აღსდგება სამშობლო ჩვენი,
და დაბრუნდება კვლავ სილამაზე
თავისუფლების და აღმაფრენის.
როდის დადგება ის დღე დიადი
როს ბორკილს შევხსნით ერს დამცირებულს,
და დაუბრმავებს თვალს განთიადი,
ჩრდილეთის წითელ ჯალათთა კრებულს!..
და საქართველო დიდჭირნახული
გამოფხიზლდება ყველა იოგით
ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის
და გვიცავს მარად თეთრი გიორგი.
 
ღვთის რწმენა თავიდანვე გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად დავადექით რელიგიური და თეოლოგიური შემეცნების გზას 60–იან წლებში. საიდუმლო ღვთისმეტყველებამ და მისტიკამ გაგვიტაცა. ამ პერიოდში მერაბის ლექსები მისტიური სიღრმით და რელიგური აღმაფრენით გამოირჩევიან. სწორედ იმ ხანებში მიძღვნა მან ასეთი ლექსი:
 
მეგობარ ზვიადს
 
„შენი სამშობლო არის სულეთი
სხვა სრა-სასახლე, ძმაო, ნუ გინდა.
დე, ხალხის თვალში დარჩი სულელი,
მამის წინაშე იყავი წმინდა.
დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული
და მიქაელის ცეცხლის მახვილი,
დაე, ღირსად გვცნონ, იქმნა ვნებული,
წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.
არ მიიკარო მწიკული ზადის
შენი ტანია თვით ეკლესია,
სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,
დედამიწაზე დადის მესსია!“
 
იმავე პერიოდში მიძღვნა ლექსი „პაემანი“, სადაც საოცრად იწინასწარმეტყველა ის, რომ იგი ჩემზე ადრე დასტოვებდა ამ წუთისოფელს და მე, მის აკლდამასთან, თალხით მოსილი, დაველოდებოდი მეგობრის აჩრდილს. აკი ამიხდა ყოველივე.
 
მე ვიყავი მისი ყოველი ნაწარმოების პირველი მკითხველი, ისევე როგორც იგი იყო ჩემი პირველი მკითხველი და შემფასებელი წლების მანძილზე. ბოლოს მაიძულა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ჩემი კრებულის მიტანა „მერანში“ 1973 წელს, რაც დამთავრდა მთავლიტის მიერ ამ წიგნის აკრძალვით და ანაწყობის განადგურებით. (ხელისუფლება ჩვენი დაპატიმრებისათვის ემზადებოდა და რა დროს ლექსები იყო). თავისი ლექსები კი ვერაფრით მივატანინე ვერც ჟურნალ–გაზეთების რედაქციებში, ვერც გამომცემლობებში.
 
„ბიჭო, შემიგროვე შენი ლექსები, შენ არაფერში შეგაწუხებ, მე გადავაბეჭდინებ და წიგნსაც მე შეგიდგენ, ახლა მაინც სხვა დროა და გამოსცემენ-მეთქი“ – რამდენჯერ ვუთხარი. 
„სად მცალია ან შეგროვებისათვის“- ნიადაგ ასეთი იყო მისი პასუხი.
 
ახლა ვნანობ, კიდევ მეტი დაჟინებით რად არ მოვთხოვე. თვალით ენახა, გაეხარა ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში…
 
დიახ, გაუხარები იყო მისი ყოფა, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანისა წლების მანძილზე. ბოლო ხანებში ერთადერთი რამ გვახარებდა: აზვირთებული ახალგაზრდობა, ეროვნული დროშების ფრიალი, ლაღი მიტინგები და მსვლელობები, რაც ესოდენ ჩაგვიმწარდა 9 აპრილს! მაგრამ 26 მაისი იმავე წლისა ხომ აღდგომა იყო ნამდვილი… თუმც ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან ეს ცალკე თემაა.
 
ლექსი მისი საქართველოს გოლიათი ციხეების დუღაბით ნაგებს ჰგავს, ენა ძარღვიანი, ძველ ქართულს ნაზიარევი, პოეტური ნეოლოგიზმები თამამი, რითმათა სამყარო უჩვეულო, რიტმი ძლიერი და დაძაბული, როგორც მისი სახის კუნთები.
 
ო, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა ჩვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი!
 
ლექსის აბჯრით არის თითქოს შეჭურვილი, ლექსის შუბით და ლახვრით ეომება მტერს! ნახეთ მისი „დიდგორი“, „ღირს მამა დავითს“, „დოსტოევსკი“, „გალაკტიონი“ (რა ძეგლები დაუდგა თავის საყვარელ მეფეებს, წმინდანებს, პოეტებს)!
 
როგორც ვთქვი ურთიერთის პირველი მკითხველები ვიყავით. სუკ-ის ციხეში ერთწლიან პატიმრობის შემდეგ შეგვახვედრეს გამომძიებლის კაბინეტში 1978 წლის მარტში, დაპირისპირების ფორმალური პროცედურის ჩასატარებლად (ვინაიდან არაფერი გვქონდა დასაპირისპირებელი, ერთმანეთზე არავითარი ჩვენებები არ მიგვიცია და არც სხვებზე). ჩვენი „დაპირისპირება“ გამოიხატა იმაში, რომ ამბის გამოკითხვის შემდეგ ერთმანეთს ვუკითხავდით საკანში დაწერილ ლექსებს, ასე რომ „დაპირისპირება“ პოეზიის საღამოდ გადაიქცა და ამ უჩვეულო საღამოს აუდიტორიას წარმოადგენდნენ ჩვენი გამომძიებლები! ასეთი რამ ნამდვილად არა გვქონიაო პრაქტიკაში, ღიმმორევით ამბობდნენ ისინი, დაპირისპირებისას თანამოსაქმე პატიმრები ერთმანეთს ლანძღავდნენ, საცემრად და ზოგჯერ მოსაკლავად იწევენ, ესენი კი ჯერ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა კი ლექსებს კითხულობენო.
 
ციხეში დაწერა „ღირს მამა დავითს“, „დოსტოევსკი“ და სხვა ლექსები. პერმისკენ მიმავალ ეტაპში კი, 1978 წლის 12 აგვისტოს დაწერა ჩემდამი მიძღვნილი ლექსი, „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც შემდგომ ლაგერიდან გამომიგზავნა, მაგრამ ჩემამდე ვერ მოაღწია, დედანი ამ ლექსისა გადმომცა 1980 წელს, ციმბირში, სოფელ კვიტოკში, სადაც თავისუფალ გადასახლებაში იმყოფებოდა და სადაც მე და ირაკლიმ, მისმა ვაჟმა ვინახულეთ. ეს ლექსი მოცემული კრებულის თავშია და მსურს ორიოდე სიტყვით დავახასიათო, აქ არის თითქოს ჩვენი ბრძოლის ისტორია, ჩვენი ბიოგრაფია, პოეტური სიტყვით გადმოცემული და რაოდენ ლაკონურად! აი, სად ასრულდა რუსთაველის ნათქვამი: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო!!! რამდენი დასტია მან ამ ლექსში, რა გრძნობა, რა განცდები, რა – ტრაგედია! „ნამეტანი გადააჭარბე მეთქი ჩემი როლის შეფასებისას“ – ესღა ვუთხარი.
შუბლი შეიჭმუხნა, როგორც სჩვევოდა და არაფერი მითხრა.
მცირე ხნის პაუზის შემდგომ მეუბნება:
 
„გავიგე, ვიღაც პროვოკატორები გარწმუნებენ თბილისში, თითქოს მე შენს ე. წ. მონანიებას ვგმობ და სისუსტედ გითვლი. ხომ გითხარი, არ წამოეგო-მეთქი ეგეთებზე, წერილი მაინც არ დამეწერა საკანში შენი თანდასწრებით! წინასწარ შეთანხმებულნიც რომ არ ვყოფილიყავით შენს უკანდახევაზე, განა არ მესმის რომ სხვა გზა არ იყო, უცხოეთში შენი გაძევებით ხომ დაიღუპებოდა ჩვენი მოძრაობა! აბა, დაუკვირდი, ამ ლექსის დამწერი განა შეიძლება, რომ სხვაგვარად ვფიქრობდე?!“
 
მე სახტად დავრჩი. განა არ მსმენოდა ამგვარი რამ, მაგრამ როგორ ვუსაყვედურებდი ჩემს ტანჯულ ძმას, ისიც ისეთ სიტუაციაში, მაგრამ გულთმხილავი თავად მიმიხვდა და წყლულზე მალამოსავით წამაცხო ეს ლექსი, რომელიც, ალბათ, შედევრია მისი პოეზიისა.
 
თანაც დასძინა: „გახსოვდეს, რომ გამოძიებამ მაჩვენა ორივე ფირი შენზე, სუკ-ის მიერ დამონტაჟებული, რომელსაც ტელევიზიით უჩვენებდნენ და სწორედ ამის შემდეგ დავწერე ეს ლექსი მაგათი გულის გასახეთქად!“ ასეთი იყო მისი პოზიცია, რაც „გლასნოსტში“ გამოქვეყნებული წერილიდანაც ჩანს.
 
როდესაც 1981 წელს პირველად დაუმატეს წლები ციმბირში, „სასამართლოზე“ განაცხადა: „თქვენ ისე მექცევით, როგორც რუსეთი ექცევა საქართველოს“ და განაცხადა უვადო შიმშილობა, ვინაიდან ახლობლებთან შეხვედრის უფლებაც წაჰგვარეს.
 
მისმა ერთმა ციმბირელმა მეგობარმა შემატყობინა მისი ჯანმრთელობის კატასტროფული მდგომარეობა. სასწრაფოდ ვაფრინე ტელეფონოგრამა ჟორჟ მარშესთან, ფრანს პრესის მეშვეობით, მარშე მიტერანს დაუკავშირდა, მიტერანი ჯერაც ცოცხალ ანდროპოვს, ახმაურდა პრესსა, აყვირდნენ რადიოსადგურები და მისცეს მერაბს ახლობლებთან შეხვედრის უფლება.
 
ირაკლის ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ კვლავ მომივიდა ციმბირიდან ცნობა, მერაბი განწირულიაო! კვლავ დავტრიალდი, ვეცი დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს, ავტეხე ხმაური. იმხანად ამოხეთქა ჩემი გულიდან პასუხმა მის ლექსზე, რომელსაც ახლა ვაქვეყნებ:
 
ერზე მჭვუნვარე ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახევი
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვნება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალი რაინდნი მწუხარე სახის!
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებას ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი საფლავი იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.
თავისი ცხოვრებისეული კრედო კი მერაბ კოსტავამ შემდეგ სტრიქონებში ჩააქსოვა:
„წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო!“
და მისი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა.
ზვიად გამსახურდია
 
1990 წელი, I, ნათლისღება
 

 
წინა სტატიაგამოდარებას 15 ოქტომბრიდან ისევ ქარ-წვიმა მოყვება
შემდეგი სტატიაკრიზისების მომტანი კონსტიტუცია – ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს სრულად იზიარებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური