სვიმონ დადიანის მემკვიდრეებმა მისი ნახატები საქართველოს გადმოსცეს

0
657
 სვიმონ დადიანის 23 ტილო და ორი სკულპტურა სამშობლოში ბრუნდება. ეს გადაწყვეტილება მისმა მემკვიდრეებმა მიხეილ და ლია ვოდეებმა მიიღეს. ამ მოვლენას   ,,სპუტნიკ გეორგია''  უძღვნის სტატიას სათაურით  ,,ქართველი მოდილიანის'' შემოქმედება სამშობლოში ბრუნდება''. 
„ქართველი მოდილიანი” – ასე ეძახდნენ ქართველ მხატვარს სვიმონ (სიმონიკა) დადიანს, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით საქართველოში. მისი ნახატები სან-ფრანცისკოს, პარიზის მუზეუმებს, გალერეებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს.  – წერს გამოცემა – 
გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ-იორკში Montess Galery-ს გამოფენაზე უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა სვიმონ დადიანმა, რომელიც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად იწოდებოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და საგანგებო პრემიაც დაიმსახურა. მოკლედ, მასზე ბევრია მოსაყოლი, ყველაფერი კი ასე დაიწყო…
 
1921 წელს სვიმონი მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა მშობლებთან კოკი დადიანთან და მერი წერეთელთან და და-ძმასთან ერთად საქართველოდან იძულებით წავიდა. ოჯახი პარიზში დაფუძნდა. მამამისს, კოკი დადიანს ორი ქორწინებიდან ცხრა შვილი ჰყავდა. საზღვარგარეთ მეუღლესა და სამ უმცროს შვილთან – გიორგისთან, ქეთევანთან (მია) და სვიმონთან ერთად წავიდა, მას გაჰყვა უფროსი ვაჟიც – იუნკერი მიხეილ დადიანი.
 
სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მიიღო და იქვე დარჩა საცხოვრებლად.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ასაკში დატოვა საქართველო, ქართული არასდროს დავიწყნია. ამერიკაში ყოფნისას ძველი ქართულიც კი შეისწავლა. იმდენად დიდი იყო მისი სამშობლოსადმი სიყვარული, რომ ბინაში ერთ მისთვის ძალიან ძვირფას ნივთს სათუთად ინახავდა. ეს იყო უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან — ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული… საქართველოს მონატრებული სვიმონი ამერიკიდან ხშირად სწერდა წერილებს თავის უფროს დას ბაბო დადიანს, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. წერილებში ჩანს, რაოდენ დიდი იყო მისი მონატრება და როგორ ოცნებობდა საქართველოში დაბრუნებაზე.
 
„ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი… გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე… იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ… შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი… და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება… სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა…" — წერს მხატვარი ბაბო დადიანს.
 
ბაბო დადიანმა 43-წლიანი განშორების შემდეგ მოახერხა თავისი და-ძმების მონახულება საფრანგეთში. ემოციური შეხვედრა ჰქონდათ და-ძმებს. გიორგი და ქეთევანი (მია) სადგურზე დახვდნენ ბაბოს, სვიმონი კი სან–ფრანცისკოდან ჩავიდა მასთან შესახვედრად.
როგორც მხატვრის წერილებიდან ირკვევა, იგი მტკივნეულად განიცდიდა საქართველოში დის დაბრუნებას და მასთან მეორედ განშორებას.
„ჩემო ბაბოშკა, შენმა ნახვამ, თუმცა ასე მოკლედ, წაშალა იმ ყველა წლის განშორება და ისე ახლოს მოგიყვანა, რომ ძნელი დასაჯერებელია… ახლა, როცა წახვედი, სულ შენს ხსენებაში ვართ…“, – წერს სვიმონ დადიანი დას.
 
სვიმონ დადიანი 1950 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 29 ამერიკელი მხატვარი, მონტროსის გალერეა, ნიუ-იორკი; ათი მხატვრის ნამუშევრები, Worth avenue-გალერეა; ხელოვნების მუზეუმი, სან–ფრანცისკო; იუკლენდის ხელოვნების გალერეა; ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ-იორკი;
 
სვიმონ დადიანი ოცნებობდა მისი ნამუშევრები საქართველოშიც გამოფენილიყო.
„ოცნებაში გადავედი… იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის (კოკი დადიანის) სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის (გიორგი შარვაშიძის) ზღვისპირა სახლში მოვათავსო… ჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი…“, – წერს ბაბო დადიანს.
სვიმონ დადიანი არ დაოჯახებულა. იგი 57 წლის ასაკში სან–ფრანცისკოში გარდაიცვალა. სისხლის გათეთრება ჰქონდა. დებისთვისაც კი არ უთქვამს მისი დაავადების შესახებ. სვიმონის გარდაცვალება დებისთვის საშინელი ტრაგედია იყო.
 
ქეთევანი (მია) სულ მარტო დარჩა. მას დამხმარე, მომვლელი ჰყავდა, ნახევრად ქართველი და ნახევრად ფრანგი ქალი — ლია ვოდე, რომელიც ნათესავადაც ერგებოდა დადიანებს. ქეთევანი ძალიან მდიდარი იყო და მისი მემკვიდრეობა და მასთან ერთად სვიმონ დადიანის ნამუშევრებიც სწორედ ამ ქალბატონს დარჩა. სვიმონ დადიანის ნამუშევრების დიდი ნაწილი ლია ვოდეს სახლში იყო გამოფენილი, ზოგიერთი ნამუშევარი კი გაიყიდა და კერძო კოლექციებში მოხვდა.
 
დღეს კი, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოცნება ახდა. სვიმონ დადიანის 23 ტილო და ორი სკულპტურა სამშობლოში ბრუნდება. ეს გადაწყვეტილება მისმა მემკვიდრეებმა მიხეილ და ლია ვოდეებმა მიიღეს.
 
მრავალთვიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც საქართველო ქართველი მხატვრის სვიმონ დადიანის უნიკალური კოლექციის მფლობელი გახდა. საქართველოს დადიანის 23 ტილო და ორი სკულპტურა გადმოეცა. ექსპონატები რამდენიმე ათეულ ათას ევროდ არის შეფასებული.
 
ნამუშევრები ღირსეულ ადგილს დაიკავებს თბილისის ხელოვნებათა სასახლის ფონდში (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი).
 
წყარო: https://sputnik-georgia.com/people/20170929/237529863/svimon-dadiani.
 
წინა სტატიალას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ვიზიტად პორტუგალიაში იმყოფება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური