ალეკო ელისაშვილმა ოფიციალურად დატოვა თბილისის საკრებულო, რომელსაც ,,ერთი კაცის მომსახურე ნოტარიულ ბიუროს” უწოდებს

0
425
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა. 
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნულის მიზეზად საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენები დაასახელა. 
 
ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს „ბიძინა ივანიშვილის ნოტარიული ბიურო“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ საკრებულოში პოლიციის გამოძახებას „საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია“ უწოდა. 
 
„ეს არის ჩემი ამ შენობაში ბოლო პრესკონფერენცია. მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელია აქ, სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი. 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხისა და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო და ამის შემდეგ მოაწყო საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
 
ელისაშვილის თქმით, საკრებულოს დატოვების შესახებგანცხადება უკვე დაწერილი აქვს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჩააბარებს.
წინა სტატიადაიბარეს თუ არა ზუგდიდის მერობის კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი დაკითხვაზე?
შემდეგი სტატიათემქაზე 18 წლის ბიჭი კორპუსიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური