კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალი ,, ანაკლია -2017 ”

0
629
,,მე სიამოვნებით მივიღე ეს მოწვევა, აქა ვარ და, რაც უნდა მოხდეს, არ ვნანობ ამას, რადგან  აქ დამხვდნენ უდიდესი სიყვარულით. დედაჩემის შემდეგ, არა მგონია, ვინმეს ისე გახარებოდა ჩემი ნახვა, როგორც ერთ ანაკლიელ ქალბატონს, ხანდაზმულ პედაგოგს, რომელიც თვალში ცრემლით მიხუტებდა გულში ამ მემორიალთან და გამუდმებით იმეორებდა – ,,ჩქიმ აფხაზა ბოში, ქუმორთიო, ჩქიმ ბოში,  ქუგორლუაფდა, ნანა’’ – განაცხადა აფხაზმა პოეტმა ნიკა ბაძაღუამ, რომელიც   სოხუმიდან ჩამოვიდა ანაკლიაში  კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალზე – 2017 .
 
ანაკლიაში 23- 24 სექტემბერს  სტუმრობდნენ ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის, ადიღეს, ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდოს, ბალყარეთის  ცნობილი მწერლები, ენათმეცნიერები, ეთნოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები, რომელნიც ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ  ზოგადკავკასიური ერთობის ისტორიული ფესვებისა და  კავკასიური იდეის გარშემო გაერთიანების საკითხებზე თანამედროვეობის გამოწვევებთან კონტექსტში
 
 
ფესტივალის ორგანიზატორების – თბილისში არსებული ჩერქეზული კულტურის ცენტრის თანამშრომლების თქმით, ანაკლია ფესტივალის ადგილად  მრავალი ნიშნით შეირჩა:
ანაკლია – ეს მომავლის ქალაქი, როგორც თანამედროვე ეპოქის პირმშო, მდებარეობს გზაშესაყარზე, ადგილზე, საიდანაც იხსნება გზა ერთმანეთისკენ და გზა ევროპული ფასეულობებისაკენ, რომლის ერთერთი შემადგენელი ნაწილია ხალხთა თვითმყოფადობის შენარჩუნება და გათავისუფლება იმპერიული ზეწოლისაგან,  რომელსაც არაერთი საუკუნეა განიცდიან სახელმწიფოებრიობის მქონე კავკასიური ერებიც კი, არათუ დღემდე რუსეთის ფედერაციაში პყრობილი  ჩრდილოკავკასიის მცირერიცხოვანი ხალხები, რომელთაც ნაკლები მექანიზმები აქვთ წინ აღუდგნენ ამ პოლიტიკას, მიმართულს  მათი ასიმილირებაზე და თვითმყოფადობის მოსპობაზე.
 
 
,,სად თუ არა საქართველოში, რომელიც ყოველთვის იყო კავკასიის მაჯისცემის ადგილი, და სადაც ყოველთვის ცოცხლობდა კავკასიური ერთობისა და ნათესაობის განცდა , ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა ყოველივე იმის მიმართ,  რაც კავკასიაში ხდება, უნდა შეიქმნას კავკასიური ერთობის პლატფორმა, – ამბობს ფესტივალის ინიციატორი, ცნობილი ლინგვისტ-კავკასიოლოგი, ჩერქეზული კულტურის ცენტრის შემქმნელი და ხელმძღვანელი პროფ. მერაბ ჩუხუა. – კავკასიის ხალხებისათვის კარგად არის ცნობილი,  თუ რაოდენ თანმიმდევრულად, უამრავი  დაბრკოლების მიუხედავად,  იბრძოდა ეპოქალური მნიშვნელობის ენათმეცნიერების მიერ საფუძველჩაყრილი იბერიულ-კავკასიური სკოლა  კავკასიის ხალხთა ენობრივი, ეთნოგრაფიული თვითმყოფადობის დაცვა- განვითარებისათვის,  კავკასიური ენების ღრმა მეცნიერული შესწავლისათვის, რაც პირდაპირ კავშირშია ამ ერების გადარჩენასთან,  რადგან ერი, რომელიც კარგავს ენას, ეროვნულ ფასეულობებს, ცხოვრების წესს, (ყველაფერს, რასაც იტევს სიტყვა ,,თვითმყოფადობა’’), ისევე განწირულია დაღუპვისათვის, როგორც ასეულ ათასობით კავკასიელი, რომელმაც გადასახლებაში დალია სული.
ანაკლიის ფესტივალი სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება და გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგი პერსპექტივაში გადაიქცევა კავკასიური კულტურის ცენტრად. 
 
 
,,ჩვენმა  ხალხებმა განიცადეს და დღემდე განიცდიან  შევიწროებას და დევნას იმპერიის მხრიდან, დაწყებული მათი მასობრივი ფიზიკური განადგურებით, მშობლიური ადგილებიდან აყრითა და გადასახლებით, დამთავრებული კულტურული ექსპანსიით, რომელიც არათუ სუსტდება, დღითიდღე ძლიერდება ''. – ამბობს ინგუში მწერალი, ცნობილი დისიდენტი და კავკასიის ხალხთა ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ისა ქაძოევი, რომელმაც თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან – ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ღირსეულად ზიდა იმპერიასთან ბრძოლის მთელი სიმძიმე და დღემდე  მთელი კავკასია აღიარებს, როგორ გამათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქს.
 
,,საქართველო ყოველთვის იყო აღიარებული, როგორც კავკასიის მზე, რომელსაც დროდადრო ღრუბელი ფარავს, მაგრამ   ყოველთვის პოულობს თავის თავში ძალას გაარღვიოს ეს ჯანღი და გაუნათოს წყვდიადი მთელ კავკასიას.  
საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ურთულესი  სიტუაციის, რუსეთის იმპერიასთან უკიდურესად დაძაბული წინააღმდეგობის პირობებში ოფიციალურად , პარლამენტის დონეზე ცნო ჩერქეზი ხალხის გენოციდი. სწორედ მაშინ აღიმართა ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის მემორიალი, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს არამხოლოდ ჩერქეზების, სხვა ჩვენი მოძმეების, ჩემი ხალხის თავს დატეხილ უსამართლობას და… ქედუხრელობას. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ანაკლიაში ამ ბრძოლის ნაწილია, რადაგან კულტურული ფასეულობები ქმნიან ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და ერთიანი მსოფლგანცდის პლატფორმას. ამ მხრივ, ძალიან მიხარია, რომ აქ შევხვდი აფხაზ ახალგაზრდა შემოქმედს, რომელიც ღიაა გულგახსნილი საუბრისათვის ჩვენს საერთო პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.'' – ამბობს ისა ქაძოევი. 
 
ახალგაზრდა მწერალი, რომელზედაც ბატონი ისა ქაძოევი საუბრობს, არის სოხუმელი პოეტი და მთარგმნელი ნიკა ბაძაღუა. როგორც გაირკვა, ის მშობლიური აფხაზურის დონეზე ფლობს მეგრულ ენასაც და საკმაოდ კარგად სვანურსაც, თავისუფლად წერს ყველა ამ ენაზე და ეწევა მთარგმნელობით საქმიანიობასაც, არის ახალგაზრდა აფხაზი პოეტების შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელი და, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, აღიარებულია თანამედროვე აფხაზური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლად და მზარდ შემოქმედად.
 
,, მე ვთვლი, რომ ქართველებს არ უნდა ჰქონდეთ ცალმხრივი სიყვარულის განცდა. ადრე, ერთერთ ასეთ შეხვედრაზე მე წავიკითხე აფხაზი პოეტის კუმფ ლომიას ლექსი, რომელიც მტკვარს ეძღვნება. იმ შეხვედრის ერთერთმა ორგანიზატორმა ყურში ჩამჩურჩულა, იქნებ სხვა პოეტი შეარჩიო, კუმფ ლომიას ხომ ქართველები არ უყვარდაო. ეს ასე არ არის! მე წავიკითხავ ამ ლექსის ჩემეულ თარგმანს დღესაც და, აბა ვნახოთ, თუ არ უყვარდა კუმფ ლომიას საქართველო'' – ამბობს ნიკა ბაძაღუა თავანკარა ქართულით. 
 
ფესტივალის პირველი დღე კულტურული პროგრამით ჩატარდა –  სტუმრებმა და მასპინძლებმა, მათ შორის ზუგდიდელმა პოეტებმა წარმოადგინეს თავიანთი ლექსები, დღე დაამშვენეს  ფოლკლორულმა  ანსამბლებმა, მოცეკვავეთა  და მომღერალთა დასებმა. ანაკლიაში საკონფერენციო დარბაზშიც და სანაპიროზეც მთელი დღე ჟღერდა ჩერქეზული, ადიღური, ვაინახური , დაღესტნური დასხვა კავკასიური ენები, თანამედროვე პოეზია და ხალხური სიმღერები .
 
ფესტივალის მეორე დღე სამეცნიერო კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. კავკასიოლოგებმა – ლინგვისტებმა და ეთნოგრაფებმა წარმოადგინეს ამ სფეროში მიმდინარე თავიანი კვლევების შედეგები, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ლინგვისტ-კავკასიოლოგის  პროფ. მერაბ ჩუხუას მონოგრაფიამ  „ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი“ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ეთნოლოგის, პროფ. ნუგზარ ანთელავას მონოგრაფიამ ,,ჩერქეზული კუტურა’’, რომელთა პრეზენტირება თავად ავტორებმა მოახდინეს. 
 
 
ანაკლიის ფესტივალის სტუმრებიცა მასპინძლები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახელდობრ, პოეტი ლაშა გვასალია, რომლის მოწვევითაც ჩამოვიდა სოხუმიდან მისი მეგობარი აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა, რაც ყინულის ლღობის დასაწყისად აღიქვა ფესტივალის უკლებლივ ყველა მონაწილემ,  მიესალმებიან ანაკლიაში კავკასიის ხალხთა კულტურის ყოველწლიური ფესტივალის დაფუძნებას და მისი მასშტაბების გაფართოებას.
 
 
ნონა ქობალია
 
 
წინა სტატიაზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ შესაძლოა Outdoor.ge-ს სასამართლოში უჩივლოს
შემდეგი სტატიარა მოხდა სარფის საბაჟოზე. რას ერჩოდნენ თურქი მესაზღვრეები აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური