ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“ დაიწყო

0
441
ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი  საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.  
 
სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართეს, სწავლების დაწყება მიულოცეს და ყურადღება სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
 
ქვეყნის მთავარსარდალმა შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არნიშნა,  რომ ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციის ფონზე მსგავსი ტიპის მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია.
„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ იქითკენ, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა მან. 
 
გახსნის ცერემონიალი  სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდება. 
 
სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას –  პარტნიორი და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნის 1500 სამხედრო მოსამსახურე.. სწავლების პერიოდში საქართველოში დისლოცირებული იქნება ამერიკული სამხედრო ტექნიკაც.
 
მრავალეროვნული სწავლება "Agile Spirit 2017" ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

 
 
.
 
 
 
წინა სტატიალებარდეს უნიკალური ხეობა იჩეხება და ნადგურდება
შემდეგი სტატიაჰარვის, ლიდიასა და ირმას შეტევა სამხრეთ შტატებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური